არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო დამკვირვებლების დაკავება არის პირდაპირი შეტევა უსაფრთხოებაზე

ოკუპირებულ რეგიონებში სავალალო მდგომარეობაა. ამან თავი ცხინვალსა და საოკუპაციო ხაზთან იჩინა, სადაც უკვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა უკანონი დაკავება თუ შეჩერება მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დადგეს საკითხი, რომ ევროკავშირისა და ზოგადად, საერთაშორისო მისიები დაშვებული იყოს ოკუპირებულ რეგიონებში.

“ეს ის მომენტია, როცა კიდევ უფრო უნდა დადგეს საკითხი, რომ ევროკავშირისა და ზოგადად, საერთაშორისო მისიები დაშვებული იყოს ოკუპირებულ რეგიონებში და არა მხოლოდ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ. ტერიტორიები უნდა გააკონტროლონ, რა ხდება. რასაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვხედავთ, შემაშფოთებელია. გახსოვთ, არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა, ადამიანის უფლებათა დარღვევები, გატაცებები. ცხინვალის იზოლატორში ადამიანების მიმართ არაჰუმანური მოპყრობის, შესაძლო წამების სავარაუდო კადრები ვრცელდება. ასევე უმძიმესი ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობაა. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში სავალალო მდგომარეობაა. ამან თავი ცხინვალსა და საოკუპაციო ხაზთან იჩინა, სადაც უკვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა უკანონი დაკავება თუ შეჩერება მოხდა. აღნიშნული ფაქტი დასაგმობია, ამას სჭირდება პრაგმატული, მაგრამ ძალიან მკაცრი რეაგირება”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას, დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუიარაღებელი დამკვირვებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააკავეს.

“24 ოქტომბრის, შუა დღეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა. მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები