ქუთაისში “ნატოს სკოლა 2019“ გაიხსნა

ნატოს დღეეების ფარგლებში, ქუთაისში „ნატოს სკოლა 2019“ გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის 20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

მსმენელები ორი დღის მანძილზე გაეცნობიან ნატოს შექმნის ისტორიას, საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის ეტაპებს და იმ მითებს, რაც საზოგადოებაშია გავრცელებული.

ორდღიანი ტრენინგის შემდეგ სკოლის მონაწილეები მოამზადებენ თემატურ პრეზენტაციას და თანატოლებს თავად მიაწვდიან ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ. სკოლა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს მიერ არის ორგანიზებული, რომლის პარტნიორია ქალაქ ქუთაისის საკრებულო.

სკოლის გახსნას, მიწვეული ექსპერტი ნათია გვენეტაძე და ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია, ესწრებოდნენ.

ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე. მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან და მედიასთან.

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები