შიდა გზები, წყალმომარაგება, საკანალიზაციო ქსელი – ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ სნოსა და დაბა სტეფანწმინდის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სნოსა და დაბა სტეფანწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინეს და მათთან ერთად არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

მოასფალტდა სოფელი სნოს შიდა საუბნო გზები. ადგილობრივი მცხოვრებლები კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით უკვე სარგებლობენ. დასრულების ეტაპზეა სოფელში არსებული საჯარო სკოლის რემონტი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიის შენობას. აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსებისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია სტეფანწმინდაში. დაბაში ეტაპობრივად უმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურაც. ასევე, მიმდინარეობს დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლის სპორტული მოედნის მოწყობა. აღსანიშნავია, რომ სკოლას, გასულ წელს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დაგეგმილია ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის რეკონსტრუქცია. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობამ ძირითად საჭიროებებად შიდა გზების მოასფალტება, წყალმომარაგების გაუმჯობესება და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა დაასახელა. ერთობლივად იმსჯელეს 2020 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე.
ღია შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობასთან უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები