გიორგი კანდელაკი: ჩვენი მთავრობა რუსეთისთვის მტკივნეულ საკითხებზე ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა
ჩვენი მთავრობა რუსეთისთვის მტკივნეულ საკითხებზე ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის საკითხს.
“ძალიან ჩქარობს ხოლმე ჩვენი იუსტიციის სამინისტრო, რუსეთისთვის სხვადასხვა პირების გადაცემას. მათ შორის ისეთი პირების გადაცემას, რომლებიც პოლიტიკური ან საზოგადოებრივი საქმიანობით იყვნენ წარსულში დაკავებული, ეს ეწინააღმდეგება იმ პრაქტიკას, რაც აქვს ცივილიზებულ ქვეყნებს, რუსეთში საერთოდ ვინმეს გადაცემასთან დაკავშირებით. ზოგადად, ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა რუსეთისთვის მტკივნეულ საკითხებზე ჩვენი მთავრობა და პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტრო”, – აღნიშნა კანდელაკმა.
ცნობისათვის, იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 13 ნოემბერს მიმართა. მას ბრალი თაღლითური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში ედება.
ამავე დროს, “ბიბისის“ ინფორმაციით, გამოძიება მიიჩნევს, რომ 28 წლის სუმბაევს მოსკოვის ოლქში ადვოკატ ევგენია შიშკინას მკვლელობასთან აქვს კავშირი.
კერძოდ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში მიიჩნევენ, რომ სუმბაევი ჰაკერთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლებიც რუსეთის რკინიგზის ბილეთების გაყიდვით დაკავებული კომპანიების ფოსტას ტეხდნენ, ამასთან, საბანკო ანგარიშებიდან თაღლითური გზით თანხებს იპარავდნენ. რკინიგზის ბილეთებით თაღლთობის სქემა გამომძიებელ ევგენია შიშკინას ჯგუფმა გახსნა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე, სასამართლო პროცესის დაწყებამდე 19 დღით ადრე, ის საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც მოკლული შიშკინას ოჯახის ადვოკატი, ალექსანდრ კარაბანოვი აცხადებს, სუმბაევი მკვლელობის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია. გამომძიებლის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს თავად სუმბაევის დაცვის მხარე.
იაროსლავ სუმბაევის ექსტადიციას ქართულმა მხარემ თანხმობა უკვე მისცა.