ჩამოშლილი ჭერი, ამორტიზებული იატაკი, დაზიანებული კედლები – 36 წლის მარტოხელა დედა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს

ჩამოშლილი ჭერი, ამორტიზებული იატაკი, სტიქიის შედეგად ნახევრად დაზიანებული ხის ფიცრული- ლამზირა კირკიტაძე ბათუმში, მარკოს აჭარელის ქუჩაზე, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, 8 წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

როგორც 36 წლის მარტოხელა დედა “რეგიონულ კვირას“ უყვება, ხის ფიცრულში ყოველი გაწვიმებისას წყალი ჩადის. იმისათვის, რომ ზამთარში სითბო შეინარჩუნოს, ახალგაზრდა ქალმა სახლში კედლები თავისი ძალებით შეაკეთა.რადგან სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა , 8 წლის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სახლი ააშენა და თვითნებურად დასახლდა.

“არსად გვქონდა წასასვლელი, ორ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ ვიყავი. ამ ტერიტორიაზე გადავწყვიტეთ სახლი აგვეშენებინა, რაც შევძელით ესაა, ორი ოთახი მოვაწყეთ ჩვენი შესაძლებლობებით. სახლი ვერ დავიკანონე, განცხადება თითქმის ყველა უწყებაში გადავაგზავნე, თუმცა დღემდე რეაგირებას ველოდები. ქმარმა წლების წინ მიმატოვა, ასე მარტო ვუმკლავდები ყოველდღიურობას“-ამბობს ლამზირა კირკიტაძე.

მის ერთ-ერთ შვილს დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ბიჭი გულის მანკითა და ცერებრალური დამბლით დაიბადა, რომელსაც დღემდე ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება.

ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს, თუმცა დახმარებიდან მიღებული თანხა კომუნალური გადასახადებისა და მედიკამენტების შესაძენად არ ჰყოფნის.

მარტოხელა დედას პრობლემებთან გამკლავება უჭირს, რადგან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა მასაც აწუხებს და ამის გამო მუშაობასაც ვერ ახერხებს.

“ჩემ შვილს ბევრი რამ სჭირდება. მიუხედავად იმისა,  რომ რეაბილიტაციის ცენტრში უსასყიდლოდ გვემსახურებიან, რისთვისაც მადლობელი ვარ, სახლში შესაბამისი პირობები არ გვაქვს, საკვებიც განსაკუთრებული სჭირდება, მოვლა-პატრონობა. მედიკამენტები წელიწადში ერთხელ კი უფასოდ ეძლევა, თუმცა შეძენა მაინც მიწევს. ჯანმრთელობის პრობლემები მეც შემექმნა, ხელში მისი აყვანა უკვე მიჭირს, მას შემდეგ, რაც ხერხემალზე თიაქარი მაქვს, მიჭირს გადაადგილებაც. მეორე შვილს ყურადღება ხომ სჭირდება, სკოლაში დადის, ცეკვაზეც უნდა სიარული, მაგრამ  ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული, რაც შეუძლებელია მხოლოდ სოციალური დახმარებით უზრუნველვყო,“ – გვიყვება ლამზირა კირკიტაძე.

იმის გამო რომ სახლი დაუკანონებელია, ოჯახი ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის შეყვანას ვერ ახერხებს. რაც შეეხება ელექტრონერგიას, მისი თქმით, მეზობლად მცხოვრებმა მოწყალება გაიღო და დენი გაუნაწილა.

“მადლობელი ვარ მეზობლის, რომელმაც ჩემი შვილები შეიცოდა და დენი გამინაწილა. რა თქმა უნდა ვიხდი ამ გადასახადს, ადამიანმა ისედაც სიკეთე გამიკეთა და რასაც მოვიხმარ მას ვერ გადავახდევინებ. ბევრჯერ დავწერე განცხადება, ეკონომიკის სამინისტროსაც მივმართე, იქნებ სახლი დამიკანონდეს,  სხვა არაფერს ვითხოვ,“- დასძინა ლამზირა კირკიტაძემ.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახი ერთჯერად მატერიალურ დახმარებას უწყებისგან მიიღებს. ამისათვის კი საჭიროა მოქალაქემ განცხადებით ბათუმის მერიას მიმართოს, რომლის შემდეგაც ოჯახის მდგომარეობას შესაბამისი კომისია განიხილავს. მას ასევე მერიის ყველა პროგრამით შეეძლება სარგებლობა.

რაც შეეხება ლამზირა კირკიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ,თანადაფინანსებით მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა ჩაუტარდება. ხოლო საჭიროების შემთხვევაში მას შესაძლებლობა ექნება, საყოველთაო დაზღვევითა და ნაწილობრივ აჭარის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ოპერაცია ჩაიტაროს.

ტერიტორია კი, სადაც მარტოხელა დედა მცირეწლოვან შვილებთან ერთად თვითნებურადაა დასახლებული,  დაკანონებას არ ექვემდებარება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები