“მინდა რომ მყავდეს კლასელები, ერთად ვითამაშებდით”- რაზე ოცნებობს ონჯოხეთის სკოლის ერთადერთი მოსწავლე

ვანის მუნიციპალიტეტში,სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლა საქართველოს იმ ოთხი სკოლის ჩამონათვალშია,სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლე ირიცხება.

სკოლაში არსებული ბევრი პრობლემის მიუხედავად, სასწავლო პროცესი არ ჩერდება და მოსწავლეც და მასწავლებლებიც ერთგულად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

მეოთხე კლასის მოსწავლე, მარიამ სოფრომაძე ყოველდღე ხალისით მიდის სკოლაში და წარმატებით ითვისებს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ის ექიმობაზე ოცნებობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წარმატებას მიღწიოს, რათა მომავალში საკუთარი სოფლის მაცხოვრებელებს დაეხმაროს.

“მე მინდა რომ გამოვიდე ექიმი, რათა დიდი რომ გავიზრდები ჩემი სოფლის მაცხოვრებლებს დავეხმარო. ჩვენ არ გვყავს სოფლებში ექიმი და მე დავეხმარებოდი მათ. ქართულის სწავლა მიყვარს ძალიან და ოლიმპიადაზეც ვიყავი გასული,სადაც დიპლომი ავიღე,”– ამბობს მარიამი.

გოგონას სხვა სურვილიც აქვს. ის კლასელებზე ოცნებობს, რათა მათთან ერთად თამაში შეძლოს და სწავლის პროცესის პარალელურად, უფრო მხიარულად გაატაროს დრო.

“პირველი კლასიდან მარტო ვარ. მესამე კლასიდან შემოგვემატა ერთი და ისიც გადავიდა ქალაქის სკოლაში. მინდა რომ მყავდეს კლასელები, გაკვთილზე ერთად ვიქნებოდით. ერთად ვითამაშებდით,ბევრი რომ ვიქნებოდით უფრო ხალისიანი იქნებოდა სწავლა”.

ონჯოხეთის სკოლაში მომუშავე მასწავლებლებს ყოველდღიურად 18 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ,რათა თავიანთ ერთადერთ მოსწავლეს გაკვეთილი ჩაუტარონ. თუმცა ამის მიუხედავად მოტივაცია არ აკლიათ და როგორც “რეგიონულ კვირასთანსაუბარში აცხადებენ , პროფესიულ მოვალეობას ერთგულად ასრულებენ.

“ამ სკოლაში ოთხი წელია ვმუშაობ. მე და ჩვენი მოსწავლე მარიამი ერთად მოვედით .ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას ,პარალელურად მეორე სოფელშიც ვმუშაობ.მიყვარს ჩემი საქმე, სერთიფიცირებული პედაგოგი ვარ 2012წლიდან. მივყვებით ეროვნულ სასწავლო გეგმას. მარიამი ძალიან კარგი მოსწავლეა და აქვს წარმატებებიც, “-ამბობს ნონა ბელთაძე.

სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლა 1903 წელს დაარსდა. როგორც ამავე სკოლის დირექტორი დუშიკო ორმოცაძე “რეგიონულ კვირას ‘’ უყვება, თავიდან სკოლა ხის იყო , 1950წელს კი კაპიტალური შენობა გაკეთდა.

მისივე თქმით,  წლების წინ სკოლის ბალანსზე ბავშვთა საკმაოდ დიდი კონტიგენტი ირიცხებოდა ,თუმცა შემდგომ წლებში, მიგრაციიის ფონზე, სოფელი დაიცალა და შესაბამისად, ბავშვთა რაოდენობამაც იკლო.

ამჟამად სკოლაში ერთი მოსწავლე გვყავს,ჩვენი პედაგოგები დადიან რაიონებიდან,რომლებიც დღეში ფეხით თვრამეტ კილომეტრს გადიან ,მაგრამ ის ენთუზიაზმი, რაც პედაგოგიურ ურთიერთობას აქვს, არ დაუკარგავთ. სასურველია სოფელს მიექცეს ყურადღება .რაც შეეხება სკოლას ჩასმულია პროექტში,რომ გარემონტდეს, მაგრამ უპირველესად კეთდება ის სკოლები ,სადაც ბავშვთა კონტიგენტი მეტია. მნიშვნელოვანია მოსახლეობა დასაქმდეს ადგილზე, გაკეთდეს გზა და სოფელში იყოს ბუნებრივი აირიც, რაც არის გეგმაში და სავარაუდოდ,  მომავალი წლიდან იქნება. ამ ეტაპზე ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ბავშვი შევინარჩუნოთ და გვყავდეს წარმატებული,“-ამბობს დუშიკო ორმოცაძე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები