დავით მათიკაშვილი: მოსამართლეს აქვს იმის რესურსი, რომ ლავირება მოახდინოს და მეტი გააკეთოს თუნდაც ჰუმანურობის თვალსაზრისით

მოსამართლეს აქვს იმის რესურსი, რომ ლავირება მოახდინოს და მეტი გააკეთოს თუნდაც ჰუმანურობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

მათიკაშვილი კანონიერებისა და სამართლიანობის საკითხთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის აზრით დაინტერესდა.

“იქ სადაც მოსამართლე უფლებამოსილია ფართოდ გამოიყენოს უფლებები და თუნდაც, ნახოს და აღმოაჩინოს მისი აღქმით, შედარებით უსამართლო კანონი, გამოიყენოს მის ხელთ არსებული მაქსიმალური მექანიზმები მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტური სამართლის პირობებში ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პრეცენდენტს ქმნის ფორმალური თავლსაზრისით და არა სავალდებულო კუთხით, მაინც აქვს მოსამართლეს იმის რესურსი, რომ აქ შედარებით ლავირება მოახდინოს და მის ხელთ არსებული ინსტიტუტებით, მეტი გააკეთოს თუნდაც ჰუმანურობის თვალსაზრისით”, -განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის წევრის თქმით, დღევანდელი საკანონმდებლო სივრცე, სადაც არის გადანაწილებული შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობის, ინკლუზიციურობის პრინციპები, იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსამართლე უფრო მეტად ჩაერიოს და უფრო მეტად გამოხატოს თავისი როლი სამართალწარმოებაში, მეტად მიიღოს მონაწილეობა, თუნდაც, იმ კონკრეტულ მოცემულობაში, როდესაც ჩათვლის, რომ რომელიღაც კონკრეტული კანონი შეიძლება უფრო სამართლიანიც ყოფილიყო, ვიდრე ის არის იმ კონკრეტულ მოცემულობაში.

პარლამენტის წევრი მოსამართლეობის კანდიდატის აზრით დაინტერესდა იმასთან დაკავშირებით, თუ არის შესაძლებელი პრინციპების ეს გადანაწილება კიდევ უფრო დაიხვეწოს.

“თქვენ იყენებთ და ეს მიღებული პრაქტიკაა – უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელთაც თავისი მოცემულობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ერთიანი პრაქტიკის დადგენისთვის. ყველა დღევანდელი მიმართულება, რაც უზენაესი სასამართლოს აქვს აღებული პრაქტიკის დანერგვის კუთხით, მოგწონთ თქვენ და ხომ არ შეცვლიდით იმ შემთხვევაში თუკი ამ მაღალ, საპასუხისმგებლო, სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელების სტატუსს დაიკავებდით, ხომ არ შეცვლიდით რამეს იმ პრაქტიკაში, რაც დღეს არსებობს უზენაეს სასამართლოში? არსებობს რაღაც კონკრეტული მიმართულებები და პრაქტიკა, რომელიც თქვენ შეიძლება მოგწონდეთ, ან არ მოგწონდეთ, იყენებდეთ, ან ფიქრობდეთ, მე რომ იქ ვიყო და ვიღებდე გადაწყვეტილებას, ამას სხვაგვარად მოვაწესრიგებდი, რადგან თქვენ პრაქტიკული კუთხით უფრო აკვირდებით რეალურ ცხოვრებაში, როგორ აღსრულდება ესა თუ ის გადაწყვეტილება”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები