„მიდიან მრიცხველთან, ხსნიან ყუთებს, ამტვრევენ გადაკეტილ ონკანებს“ – „თბილისი ენერჯი“ ურჩი აბონენტების მიმართ სანქციებს ითხოვს

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ კომერციული დეპარტამენტის უფროსის ედიშერ ხორავას განცხადებით, იმ აბონენტების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებიც შეწყვეტილ გაზმომარაგებას თვითნებურად აღადგენენ.

როგორც ხორავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს ურჩი აბონენტები პრობლემაა. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო კომპანია აბონენტს გაზმომარაგებას უწყვეტს, აბონენტები კი თვითნებურად აღადგენენ. ხორავა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს და ურჩ აბონენტებს სანქცია დაეკისროთ.

„ უბედური შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ორი რამითაა გამოწვეული: ესაა კომპანიებისადმი, უსაფრთხოების წესებისადმი დაუმორჩილებლობა და უყურადღებობა. აფეთქებების გამომწვევი მიზეზი გაზის დაგროვებაა. გაზის დაგროვება ხდება უყურადღებოდ დატოვებული დანადგარების გამო, როცა ღია მდგომარეობაში რჩებათ მოწყობილობები. არის მომხმარებლის კატეგორია, რომელიც არ ემორჩილება უსაფრთხოების წესებს, გაფრთხილებებს, კომპანიის მითითებებს.
ჩვენს მიერ როცა ხდება შიდა ქსელების შემოწმება, ხდება დარღვევების აღმოჩენა, გაიცემა რეკომენდაციები , კანონის შესაბამისად , დარღვევით დამონტაჟებული მოწყობილობების აღმოჩენის შემთხვევაში ხდება გაზის მიწოდების შეწყვეტა. თუმცა, დღეს ჩვენი ძირითადი პრობლემაა თვითნებურად მიერთებები. სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი შემთხვევევბი, როცა მთლიანად ვუწყვეტთ გაზის მიწოდებას და თვითნებურად აღადგენენ ხოლმე. წელს 4 300 შემთხვევა გვაქვს, როცა მესამეჯერ ჩართეს თვითნებურად. მიდიან მრიცხველთან, ხსნიან ყუთებს, ზოგჯერ ამტვრევენ და ხსნიან დალუქულ, გადაკეტილ ონკანებს. ჩვენი აზრით, აქედან გამოსავალი ერთადერთია, უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც არ ითვალსიწინებს უსაფრთხოების წესებს, თვითნებურად აღადგენს გაზის შეწყვეტილ მიწოდებას,საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ თავს, ასევე ირგვლივ მყოფ ადამიანებს. უსასრულოდ ხომ შეიძლება ეს გაგრძელდეს, რაღაც შედეგი უნდა დადგეს, სანქცია ან ჯარიმა უნდა შედგეს. ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. ეს გარკვეულ ბარიერებს შექმნის ურჩი აბონენტებისთვის. დღეს როგორცაა სისტემა მოწყობილი, შემოწმების და ა.შ. ეს საკმარისია იმისთვის, რომ აღმოჩენილი იქნას დარღვევები და ამაზე რეაგირება იყოს“- განაცხადა ხორავამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები