უზბეკეთის ვიცეპრემიერი: საქართველო სამაგალითო ქვეყანაა ძალიან ბევრ სფეროში, აქ გატარდა ეფექტური რეფორმები და ჩვენ ვეცდებით გარკვეული ნაწილი გადმოვიღოთ

საქართველო სამაგალითო ქვეყანაა ძალიან ბევრ სფეროში, აქ გატარდა ეფექტური რეფორმები და ჩვენ ვეცდებით გარკვეული ნაწილი გადმოვიღოთ, – ამის შესახებ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ელიორ განიევმა, თბილისში მიმდინარე “აბრეშუმის გზის ფორუმზე” პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელიორ განიევმა საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის როლზე, საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა. განიევმა განაცხადა, რომ უზბეკეთი საქართველოში ჩატარებული რეფორმების შესწავლას გეგმავს.

“ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების შესწავლა. ეს ქვეყანა სამაგალითოა ძალიან ბევრ სფეროში. საქართველოში გატარდა ეფექტური რეფორმები და ჩვენ ვეცდებით გარკვეული ნაწილი გადმოვიღოთ. საქართველომ ტურიზმის მიმართულებით ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია.” – განაცხადა განიევმა.

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ სატრანზიტო დერეფნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ჩვენს რეგიონში თანამშრომლობას ახალ ეტაპს წარმოადგენს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ეს საშუალებას გვაძლევს, ჩამოვაყალიბოთ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ერთმანეთს ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ევროპას აკავშირებს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დერეფანი საშუალებას მოგვცემს შევქმნათ სრულიად ახალი პირობები დიდი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის”, – განაცხადა ელიორ განიევმა.

ელიორ განიევმა ქართული პორტების მნიშვნელობაზე ისაუბრადა აღნიშნა, რომ საქართველო სატრანზიტო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

“საქართველო სატრანზიტო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ტვირთების ნაკადი, რომელიც საქართველოზე გაივლის მაღალ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფოთის პორტი, ეს არის შავ ზღვაზე უახლოესი პორტი ზღვაზე უზბეკეთისთვის ჩვენ, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და სხვა ქვეყნები დაინტერესებულები ვართ, რომ სატრანსპორტო დერეფანი ეფექტურად ფუნქციონირებდეს. დიდი პოტენციალი აქვს ბათუმის პორტს, ასევე ანაკლიის მშენებარე პორტს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი და აღვადგინოთ აბრეშუმის ძველი გზა”, -აღნიშნა ელიორ განიევმა.

ელიორ განიევის განცხადებით, 2017 წლის ფორუმმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობას აქტიურ განვითარებას ბიძგი მისცა. საქონლის ბრუნვა ქვეყნებს შორის 30 %-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები