გიორგი გახარია: ჩვენი ქვეყანა რეგიონში უნიკალურია და დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს

საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართულობას. სწორედ აღნიშნულის მისაღწევად საქართველოში ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიც არის: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ასევე ხორციელდება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, მაღალ ჩქაროსნულ ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურაში სერიოზული ინვესტიციები. ასევე აღსანიშნავია, ყველაფერი რაც ხდება საქართველოს შავი ზღვისპირეთში. ჩვენი ნავსადგურები, როგორც მოდერნიზაციის, ასევე ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, “აბრეშუმის გზის ფორუმის” გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გავუსვა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ჩართვის მნიშვნელობას, ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით.

“მოგეხსენებათ, ეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, ერთის მხრივ, ჩინეთთან, მეორეს მხრივ, ევროკავშირთან, რომლითაც დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის უნიკალური – დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ენერგეტიკული დერეფნების განვითარება. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ცდილობს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გადათარგმნოს კონკრეტულ პროექტებში და შესაბამისად, შეასრულოს ენერგეტიკული დერეფნის როლი. აქედან საქართველო მიესალმება და მხარდაჭერას უცხადებს “სამხრეთ გაზის დერეფნის” განვითარებას, სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას, ასევე ტრანსადრიატიკული მილსადენისა და ტრანსანატოლიური მილსადენის განვითარებას, რომელსაც “ენერგიის აბრეშუმის გზადაც” მოიხსენიებენ,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა, ასევე ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ფორუმის მსვლელობისას სხვადასხვა პანელზე იქნება საუბარი.

“21-ე საუკუნე აღიარებულია, როგორც ციფრული ერა და შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიები სწრაფი ტემპებით განვითარება უკვე მნიშვნელოვნად ახდენს მსოფლიოს ტრანსფორმაციას სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით.

თუმცა, ამ მხრივ არსებობს სერიოზული გამოწვევებიც და რისკები, თუნდაც კიბერუსაფრთხოება, ადამიანის უფლებების, კონფიდენციალურობის და თუნდაც სამუშაო ადგილების რაოდენობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. დღევანდელი ფორუმი სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ჩვენ შეგვიძლია, აღიშნულ საკითხებზე ვიმსჯელოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები