“ჩვენ დღეს ერთადერთი იმედი გაგვიჩნდა” – სოფელ ტვიშში აქციის მონაწილე მევენახეებს მხარის რწმუნებულის მოადგილე შეხვდა

0

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის მოსახლეობა ყურძნის ჩაბარების რაოდენობითა და ტემპით უკმაყოფილოა. მევენახეებმა დღეს აქცია გამართეს და ხელისუფლებას რთველის უკეთ ორგანიზების მოთხოვნით მიმართეს. ადგილზე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი გონაძე მივიდა და მევენახეებს პრობლემის არსში გარკვევასა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის პირობა მისცა.

როგორც „რეგიონულ კვირას“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბორის ნემწვერიძემ განუცხადა, პრობლემების მოგვარების მიზნით, მევენახეები აპირებენ შესაბამის სამსახურს წერილით მიმართონ, თუმცა ადგილზე მხარის რწმუნებულის მისვლამ მათ იმედი მისცა, რომ მათი პრობლემა დროულად მოგვარდება.
„რამდენიმე ადამიანმა მოვილაპარაკეთ, რომ სოფლის მეურნეობის სააგენტოს მივმართოთ წერილით, რომ შემდეგ წელიწადს უკვე ტვიში გამოცხადდეს ტვიშის მიკროკლიმატურ ზონად, ჩვენ დღეს ერთადერთი იმედი გაგვიჩნდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილიდან, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა და რომელმაც განაცხადა, რომ ზეგ, ოთხსაბათს, გაგვაგებინებს თუ რამე გამოსავალს მიაგნებენ“,- აღნიშნა ბორის ნემწვერიძემ.

„რეგიონული კვირა“ ტვიშის სოფლის რწმუნებულს, ზაზა ჩაკვეტაძეს გაესაუბრა. რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია, რომელიც იბარებს ყურძენს, “ როიალ ხვანჭშკარა“ თითქმის ორი თვე დადიოდა სოფელში და ყურძნის ხარისხს ლაბორატორიულად ამოწმებდა, ისინი მოსახლეობას შეპირდნენ, რომ სოფლიდან 12 ტონა მოსავალს გაიტანდნენ.
„ კომპანიას ყავს სოფელში თავისი წარმომადგენელი და მე პირადად, აქტიურად არ ვიყავი ამ საქმეში ჩარეული. წუხელ მოსახლეობას აცნობეს, რომ ჩაიბარებდნენ მხოლოდ 5 ტონას, დილით 7 ტონის ტარა ჩამოიტანეს და 7 მევენახის სია, მაშინ, როცა თავდაპირველად სიაში 21 მევენახე ეწერა. სია ჩვენს გარეშე კეთდებოდა, რადგან ის კერძო კომპანიაა და თავიანთი შეხედულებებით მოქმედებენ“,- განაცხადა ზაზა ჩაკვეტაძემ.

სოფლის რწმუნებულის თქმით, მოსახლეობის პროტესტი ბუნებრივია, რადგან ისინი ვერ ახერხებენ მოყვანილი მოსავალის შესაბამის რეალიზებას.
„თავდაპირველ სიაში 21 ადამიანი იყო ჩაწერილი და ბოლოში მხოლოდ 7 დარჩა, ამან რა თქმა უნდა, მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. ძირითადი პროტესტი ისაა, რომ საქართველოში რამდენიმე ცნობილი კომპანია ასხამს ღვინოს ტვიშის ეტიკეტით (ამის უფლება მათ აქვთ კანონმდებლობით) და ტვიშიდან კი ყურძენი ფაქტობრივადდ არ გადის.

დღეს ჩამოსული იყო გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე, რომელიც ადგილზე გაეცნო ტვიშის მოსახლეობის გულისტკივილს და ხვალიდან ალბათ, ხვალიდან პრობლემა მოგვარდება. სულ 35 ტონა ყურძენზეა საუბარი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე მთლიანად ჩაბარდება“,- აღნიშნა ტვიშის რწმუნებულმა, ზაზა ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი