მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა – ნინო ცაციაშვილმა და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების მენეჯერებსა და სამმართველოს უფროსებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით აღნიშნულ რეგიონებში გამოძიებისა და სამართალწარმოების პროცესში არსებული გამოწვევები, პრობლემების გადაჭრის გზები განიხილეს და გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და გამოძიების ხარისხის გაზრდის მიზნით სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამომძიებლებს სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.
უწყებაში მიმდინარე საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია უწყების შიგნით გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების ხარვეზების იდენტიფიცირებასა და მათ დროულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს.
მსგავსი სახის შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში.