სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის შედეგად, ოკუპანტებმა 400 მეტრამდე სიგრძეზე მავთულხლართები გააბეს
ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს შაქშაქეთის საგუშაგოდან სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის მიმართულებით გადაადგილების საშუალება მისცეს.
საოკუპაციო ხაზთან სამართალდამცველები, მედიისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წარმომადგენლები იმყოფებიან.
დღეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს სოფელ ატოცის მიმდებარედ არსებულ საოკუოპაციო ზოლთან მავთულხლართების გაბმის სამუშაოები არ განუახლებიათ, თუმცა გუშინ უკანონო ბორდერიზაციის შედეგად, იმ ბოძებზე, რომლებიც 7 თვის წინ დაამონტაჟეს, დაახლოებით, 400 მეტრის სიგრძის მავთულხლართები გააბეს.
ამასთან, ე.წ. სასაზღვრო ნაგებობების მეორე მხრიდან შეიარაღებული პირები პერმანენტულად ჩნდებოდნენ საოკუპაციო ხაზთან და ქართველ პოლიციელებსა და მედიის წარმომადგენლებს ფოტოებს უღებენ და დურბინდებით აკვირდებიან.