ირაკლი კოვზანაძე: 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შრომატევადი სამუშაო გველოდება

2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ძალიან შრომატევადი და სკურპულოზური მუშაობა გველოდება. ბიუჯეტის პირველად ვერსიაზე გვქონდა დეტალური და სიღრმისეული განხილვა, აზრთა გაზიარება, შენიშვნებიც და რეკომენდაციებიც. ეს არის საბიუჯეტო პროცესი და ეს არის სწორედ საპარლამენტო დემოკრატია, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ, 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთავრობას ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

რაც შეეხება 2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველად პროექტს, როგორც კოვზანაძემ აღნიშნა კანონპროექტში წარმოდგენილია ეკონომიკური სტაბილურობისთვის საჭირო ყველა აუცილებელი პარამეტრი. მათ შორის, ბიუჯეტი მშპ-ს 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი; ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის 2,7%-ის დონეზე, შენარჩუნების პირობებში, კიდევ უფრო გაზრდილია თანხები სოციალური მიმართულებებით.

“პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები ძირითადად დაფინანსების ზრდას უკავშირდება საქართველოს ეკონომიკის და სხავადასხვა მიმართულებების გასაძლიერებლად, რომელიც ვფიქრობთ, რომ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს,“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, სადაც უმრავლესობის და ოპოზიციის მხრიდან ჯამში 100- მდე კითხვა დაისვა. საბოლოოდ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც შენიშვნებით და რეკომენდაციებით მთავრობას უკან დაუბრუდება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ქვეყანა 14 მილიარდ 212 მილიონს დახარჯავს, 800 მილიონი ლარით მეტს, ვიდრე 2019 წელს. მომავალი წლიდან დაგეგმილია პენსიებისა და ხელფასების ზრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები