საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (International Trade Centre) აღმასრულებელი დირექტორი ეწვევა

რიგით მესამე “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (International Trade Centre) აღმასრულებელი დირექტორი არანჩა გონზალესი პირველად ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, 22 ოქტომბერს 10:30-დან 11:30-მდე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი პროექტის Ready to Trade-ის ადგილობრივ ოფისში ბენეფიციარ ქართულ კომპანიებს პირადად შეხვდება და გაესაუბრება.

2018 წლის მარტში საერთაშორისო სავაჭრო ცენტრმა აღნიშნული პროექტის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში დაიწყო. საქართველოში შეირჩა 19 ბენეფიციარი კომპანია შემდეგი სექტორებიდან: გადამუშავებული თხილი, ნატურალური წვენები, ჩირი და ჩაი.

აღმოსავლეთის პარტნიორობა: Ready to Trade – EU4Business ინიციატივა სამწლიანი პროექტია, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მცირე და საშუალო სექტორში არსებული საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას, უპირატესად ევროკავშირის ბაზარზე.

საერთაშორისო საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად, პროექტი მცირე და საშუალო საწარმოებს ეხმარება მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე საქონლის წარმოებასა და მსოფლიო ბაზრებზე გასვლაში. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან, რომლებიც თავის მხრივ მცირე და საშუალო საწარმოებს სავაჭრო და ბიზნეს საქმიანობაში უწყობენ ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები