გიორგი აბრამიშვილი: მნიშვნელოვანია, საქართველომ ენერგეტიკულ სექტორში რეგიონალური ჰაბის ფუნქცია შეასრულოს

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ამით აქცენტი კეთდება საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასა და მის მნიშვნელობაზე, რადგან ჩვენ ქვეყანას ნამდვილად შეუძლია შეასრულოს რეგიონალური ჰაბის ფუნქცია ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკულ სექტორში და ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი აზიასა და ევროპას შორის”, – განაცხადა განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ 2017 წელს ხელი მოაწერა ევროპის ენერგეტიკულ ქარტიაში გაერთიანებას, რომლის საფუძველზეც სექტორში არაერთი რეფორმა განხორციელდა ან მიმდინარეობს. მისი მიზანია ქვეყნის ენერგოსექტორის ჰარმონიზაცია ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან.
„ჩვენ მივესალმებით აღნიშნული ფორუმის ჩატარებას თბილისში, რომ მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ინვესტიციების მოზიდვა განსაკუთრებით განახლებადი ენერგეტიკის სფეროში. საქართველოში ამჟამად ენერგეტიკული სექტორის დერეგულირება მიმდინარეობს, რომელმაც შექმნა ახალი შესაძლებლობა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის კუთხით”, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.
​თბილისის აბრეშუმის ფორუმი თბილისში 22-23 ოქტომბერს მესამედ ჩატარდება. მასზე 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატია მოწვეული. აბრეშუმის გზა, როგორც გლობალური ინიციატივა, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ვაჭრობის გაძლიერებას, მეტი ინვესტიციების მოზიდვას და ზოგადად, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის. სატრანსპორტო დერეფანი საქართველოს აძლევს მეტი ინტეგრაციისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები