ძაღლების ჩხუბის გამო დაჭრილი ახალგაზრდის ოჯახი აცხადებს, რომ საფრთხეში არიან და დაცვას ითხოვენ 

ძაღლების ჩხუბის გამო დაჭრილი და დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილის ოჯახის განცხადებით, ჩეკურიშვილის დაჭრის საქმე არასწორადაა წარმართული. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერნეციაზე ერეკლე ჩეკურიშვილის დედამ, ნინო ჩეკურიშვილმა და ადვოკატმა  გიორგი ტურაზაშვილმა ისაუბრეს.
ჩეკურიშვილები აცხადებენ,  რომ მათი ოჯახი საფრთხეშია და დაცვას ითხოვენ. ოჯახი მიმართავს საზოგადოებას, შესაბამის უწყებებს, ომბუდსმენს, რომ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანონ  საქმე და უზრუნველყონ არასრულწლოვანთა და ოჯახის წევრების უსაფრთხოება , საქმის სრულყოფილი გამოძიება.
ნინო ჩეკურიშვილის განცხადებით, მედიაში აღნიშნული საქმე თავიდანვე არასწორად გაშუქდა.
„საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ წელს 8-9 აგვისტოს ღამეს, თბილისში, ლონდონის ბაღში ძაღლების გამო მომხდარი ჩხუბის შედეგად 40-წლამდე მამაკაცმა, ამჯერად ბრალდებულმა დიმიტრი როსტომაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ორი არასწრულწლოვანი – ერეკლე და დათო ჩეკურიშვილები და მიმალვას შეეცადა. მომხდარის შესახებ საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 4 დღის შემდეგ, 13 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
თავიდანვე საქმე არაზუსტად გაშუქდა, რადგან მედია დაეყრდნო იმ ინფორმაციას, რაც მიიღო უშუალოდ პოლიციისგან და არა – თვითმხილველი პირებისაგან.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ორმა არასრულწლოვანმა და მათმა მამამ უმოწყალოდ გალახეს ბრალდებული როსტომაშვილი, რის გამოც, აღელვებულმა როსტომაშვილმა სახლიდან სანადირო თოფი გამოიტანა და გაისროლა. აღნიშნული ინფორმაცია იყო ტყუილი, რადგან დაპირისპირება და ჩხუბი მოხდა ბრალდებულ როსტომაშვილსა და ორ არასრულწლოვანს შორის და ამ დროს ჩეკურიშვილების მამა საერთოდ არ იმყოფებოდა ინციდენტის ადგილზე“- განაცხადა ნინო  ჩეკურიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა ის ფაქტი, რომ დაპირისპირების საბაბი გახდა როსტომაშვილის ნაგაზი, რომელიც ნიღბის გარეშე, აშვებული ჰყავდა პატრონს.
„ნაგაზი დაეტაკა ჩეკურიშვილების ძაღლს და როდესაც ერეკლე ჩეკურიშვილმა ძაღლი მოიცილა და შენიშვნა მისცა როსტომაშვილს, ის შეეცადა არასრულწლოვანებზე ძალა ეხმარა. თუმცა, ერეკლემ, რომელიც იყო სპორტსმენი, მოიგერია როსტომაშვილი, რომელიც ერეკლეს ფიზიკურად დაუპირისპირდა, სახე ჩამოკაწრა და ჯაჭვი და ჯვარი ჩამოგლიჯა. ამის შემდეგ როსტომაშვილი მათ საქმის გარჩევით დაემუქრა. მოზარდები შინ დაბრუნდნენ. სახლში დაბრუნებულმა ერეკლემ დაახლოებით ერთ საათში აღმოაჩინა, რომ დაკარგა ნათლობის ჯვარი და გადაწყვიტა მოსაძებნად ისევ სკვერში გასულიყო. მას გაჰყვა უმცროსი ძმა დათო და მამა.
სწორედ ამ დროს მათ სკვერში ორი უცნობი მამაკაცი შეხვდა, რომლებმაც მომხდარის შესახებ გამოჰკითხეს. ისინი ჩეკურიშვილებს გაეცნენ, როგორ როსტომაშვილის ძმაკაცები და უთხრეს, რომ საქმე მეორე დღეს გაირჩეოდა. მათ ერეკლე ჩეკურიშვილს მობილური ნომერიც ჩააწერინეს, რომელზეც მოზარდმა ზარი განახორციელა. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ შეგნებულად შეაყოვნეს მამა და შვილები. სწორედ ამ დროს გამოჩნდა შეიარაღებული როსტომაშვილი, რომელმაც სანადირო თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა ერეკლე ჩეკურიშვილის მისამართით, მეორე გასროლა კი დათო ჩეკურიშვილის მისამართით.
ამის შემდეგ როსტომაშვილმა მიმალვა სცადა. ერეკლე ჩეკურიშვილი, თავში მიყენებული უმძიმესი ჭრილობის შედეგად, დღემდე იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში.
დათო ჩეკურიშვილი დაიჭრა კისრის არეში.  ეს ყველაფერი მოხდა 8-9 აგვისტოს ღამით.
მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ ძველი თბილისის სამმართველოს წარმომადგენლები, მათ იძულების წესით დააკავეს 16 წლის დაჭრილი დათო ჩეკურიშვილი, რომელიც იყო სისხლიანი და შოკირებული მომხდარით. ჩამოართვეს მას ძმის მობილური ტელეფონი, რომელიც დღემდე პოლიციას აქვს. დაკავების მომენტში, 16 წლის დათო ჩეკურიშვილს გამოექომაგა უფროსი ძმა შოთა ჩეკურიშვილი და პოლიციას უთხრა, რომ არ ჰქონდათ მისი დაკავების უფლება, რადგან იყო არასრულწლოვანი. ამის შემდეგ, პოლიციამ ასევე ძალის გამოყენებით დააკავა შოთა ჩეკურიშვილი და გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში“- განაცხადა ნინო ჩეკურიშვილმა.
მისივე  თქმით, შემთხვევის დროს პოლიცია იქცეოდა არაადეკვატურად, არ უშვებდა დაჭრილ ერეკლე ჩეკურიშვილთან ოჯახის წევრებს და არც სასწრაფოსთან დარეკვის საშუალებას აძლევდა, რომელიც იგვიანებდა.
„სად და რა ვითარებაში იმყოფებოდა მთელი 6 საათის განმავლობაში პოლიციის მიერ დაკავებული 16 წლის დავით ჩეკურიშვილი, ოჯახმა არ იცის და ის ამბობს, რომ ამას არც სასამართლოზე იტყვის. ოჯახი მისი დაკავების პერიოდში იყო საავადმყოფოში, სადაც გადაიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შუათანა ძმა – 17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილი. როცა მშობლებმა მოიკითხეს დანარჩენი შვილები – დათო და შოთა, მათ შესახებ ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ.
სად წაიყვანა და რა მიზნით დააპატიმრა უკანონოდ პოლიციამ დაჭრილი არასრულწლოვანი დათო ჩეკურიშვილი, უცნობია. ის არც ექიმთან მიიყვანეს და არც მშობლებს შეატყობინეს მისი ასავალ-დასავალი. მისი უფროსი ძმა 25 წლის შოთა ჩეკურიშვილი კი რამდენიმე საათი იმყოფებოდა ძველი თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილებაში და არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა არც ერთი ძმის შესახებ.
იმ მიზნით, რომ გამოეშვათ ან რაღაც ღონისძიებები მიეღოთ, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილმა შოთა ჩეკურიშვილმა პოლიციის განყოფილებაში თვითდაზიანება მიიყენა, რის შემდეგაც ის გამოუშვეს განყოფილებიდან, თუმცა უმცროსი ძმის დათო ჩეკურიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს.
ოჯახი მთელი ღამის განმავლობაში იყო სრულიად შოკირებული: ერთი შვილი მომაკვდავი, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში, დანარჩენი ორის შვილის შესახებ არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია“-  განაცხადა ნინო ჩეკურიშვილმა.
მისივე თქმით,  ლონდონის სკვერში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია პოლიციამ მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ გაავრცელა.
„აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ყველა პირი, ვინც კი ჩაეწერა ჟურნალისტებს, არ იყო მომხდარის თვითმხილველი და მიზანმიმართულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით: ჩხუბის საქმეში გარიეს მამა, მოზარდებს დააბრალეს, რომ ისინი იყვნენ ჩხუბის წამომწყებები და რომ მამამ და შვილებმა როსტომაშვილი სასტიკად სცემეს, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს – მოზარდებს როსტომაშვილი არ უცემიათ სასტიკად, ერეკლე თავად იყო როსტომაშვილისაგან დაზიანებული სახის არეში. მამა კი საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. ამას დაემატა ისიც, რომ სოციალურ ქსელში მომხდართან დაკავშირებით დაიწყო მიზანმიმართული, ორკესტრირებული ტროლინგი, სადაც ჩეკურიშვილებს, განსაკუთრებით მამას, მოიხსენიებდნენ ჩხუბის და ძალადობის ინიციატორებად, ბანდიტებად, ჩხუბისთავებად, კონფლიქტის ინსპირატორებად. აღნიშნული გრძელდებოდა საკმაო ხანს, იყო კარგად ორგანიზებული და ამის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება არსებობს.
ამ ხნის განმავლობაში ოჯახს ნაკლებად ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ საქმის დეტალებისთვის მიეხედა. მთავარი იყო ერეკლეს მდგომარეობა, რომელიც დღემდე უმძიმესია. ის რჩება რეანიმაციაში და სხვადასხვა მიზეზების გამო, ოჯახს მიაჩნია, რომ მასზე მეთვალყურეობა უნდა იყოს დაწესებული, რადგან შესაძლოა ერეკლეს გონზე მოსვლა და ალაპარაკება გარკვეული ჯგუფის ინტერესში არ შედიოდეს.
რაც შეეხება დამნაშავე როსტომაშვილს და მომხდარ ფაქტს:  რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, გამოძიების მიერ მოხდა არასწორი კვალიფიკაციის შერჩევა. წესით მას უნდა წაყენებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლი, არასრულწლოვნის/არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობის მცდელობაზე, თუმცა  როსტომაშვილს ამჯერად აქვს ბრალდება წარდგენილი 19 – 108 მუხლით, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას ერთი პირის და ისიც სრულწლოვნის მიმართ, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- განაცხადა ნინო ჩეკურიშვილმა.
მისივე ინფორმაციით,  16 წლის დათო ჩეკურიშვილის დაჭრაზე საქმე აღძრული არ არის.
„საინტერესოა ისიც, რომ 17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილი დაზარალებულად გამოძიებამ მხოლოდ ახლახან ცნო, მას შემდეგ, რაც ოჯახმა საქმეში კვალიფიციური ადვოკატი ჩართო.
ადვოკატის დახმარებით გამოვლინდა კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი: გამოიკვეთა საქმესთან ორი უცნობის კავშირი, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ 9 აგვისტოს შემთხვევის ადგილზე და რომლებიც არიან მომხდარის უშუალო თვითმხილველები. (პირები, რომლებმაც საუბარი გაუბეს ბიჭებს და მათ მამას). ერთ-ერთი მათგანი არის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი გოჩა ქავთარაძე, მეორე არის გიორგი ილიაევი, რომელმაც მომხდარიდან სამი დღის შემდეგ, დატოვა საქართველოს ტერიტორია. – აღნიშნული პირები არა თუ დაკითხულები, გამოვლენილებიც არ ყოფილან ბოლო დრომდე.
აღნიშნულ პირებს საქმესთან ისიც აკავშირებთ, რომ სწორედ მათი მეშვეობით მოხდა ლონდონის სკვერში ერეკლე და დათო ჩეკურიშვილების და მათი მამის დაყოვნება. რამაც საშუალება მისცა როსტომაშვილს გამოსულიყო და გაესროლა ორი არასრულწლოვანის მიმართულებით.
დღემდე არ არიან დაკითხულები ოჯახის წევრები, რომლებიც იყვნენ მომხდარის თვითმხილველები.
კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება, რომელიც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ პოლიციელებიდან ადგილი აქვს საქმის მიმართ არასწორ მიდგომას.
ახლახან, 9 ოქტომბერს, უფროსმა ძმამ შოთა ჩეკურიშვილმა აღმოაჩინა, რომ პოლიცია მას უჩივის და ადანაშაულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ორი მუხლით. (166-ე და 173-ე).
საქმე ეხება ორი თვის წინ, 9 აგვისტოს, შოთა ჩეკურიშვილისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას მაშინ, როდესაც მან გააპროტესტა დაჭრილი უმცროსი ძმის, 16 წლის დათო ჩეკურიშვილის უკანონო დაკავება და რის გამოც თავად შოთა ჩეკურიშვილი დააკავეს. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი შედგენილია მომხდარიდან ერთი თვისა და 10 დღის შემდეგ, 19 სექტემბერს. ანუ მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაინახა, რომ საქმეში ჩაერთო ადვოკატი და ოჯახმა საქმის მასალების მოკვლევა დაიწყო – პოლიცია შოთა ჩეკურიშვილს  პოლიციისათვის დაუმორჩილებლობას ედავება. თუმცა, საქმეზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და ამჟამად საქმე სასამართლოს აქვს გადაცემული.
ადმინისტრაციული დავის ამ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ისე გაიმართა, რომ შოთა ჩეკურიშვილს ამაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. მეორე პროცესის შესახებ შოთა ჩეკურიშვილმა გაიგო მხოლოდ მას შემდეგ, რაც უშუალოდ პროცესის წინა საღამოს მის დედას დაუკავშირდნენ და დაინტერესდნენ, გამოცხადდებოდა თუ არა შოთა ჩეკურიშვილი პროცესზე.
ცნობისათვის, გაზაფხულიდან მოყოლებული, პოლიციის გარკვეულ ჯგუფთან ხშირად ჰქონდა ოჯახს პრობლემები. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ პოლიციამ დააკავა შოთა ჩეკურიშვილი და შეეცადა მისთვის ნარკოტიკების ჩადებას, თუმცა, აღნიშნული დავა შოთა ჩეკურიშვილმა პირწმინდად მოიგო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით. შემდეგ პოლიცია უკვე უმცროს ძმებს -ერეკლესა და დათოს გადაეკიდა, დაუსაბუთებელი ბრალდებებით ოჯახში უკანონო ჩხრეკაც კი ჩაატარეს, რისი დამადასტურებელი მასალაც არსებობს. ბოლოს კი პოლიცია ძალიან საეჭვოდ გამოჩნდა იქ და მაშინ, როდესაც დაჭრეს 17 და 16 წლის ძმები.
მთელი ამ მოვლენებიდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პოლიცია როგორც პირდაპირ, ისე ირიბად ჩართულია საქმეში და დაინტერესებულია საქმის არასწორად წარმართვით და ოჯახისათვის ზიანის მიყენებით – რაც უკვე გამოუვიდათ კიდეც.
მეტიც, ოჯახი შიშობს, რომ გარკვეული საფრთხე ემუქრება როგორც ერეკლე ჩეკურიშვილს, რომელიც ჯერ ისევ ურთულეს მდგომარეობაშია და როგორც ჩანს, მისი გონზე მოსვლა ბევრს არ აწყობს, ისე დათო ჩეკურიშვილს, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული და საქმეც კი არ არის აღძრული. ამიტომ, ოჯახი მიმართავს საზოგადოებას, შესაბამის უწყებებს, ომბუდსმენს, რომ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანონ აღნიშნული საქმე და უზრუნველყონ არასრულწლოვანთა და ოჯახის წევრების უსაფრთხოება და საქმის სრულყოფილი გამოძიება“- განაცხადა ნინო ჩეკურიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები