ნათია თურნავა: ჩვენი მოწოდება იქნება “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” საქმეს მიხედოს

ჩვენ მხარს ვუჭერთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“2017 წლიდან მოყოლებული, ექვსჯერ მოხდა ამ პროექტს ვადების გადაწევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით, არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლა და მივცეთ დამატებითი ვადა წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცლით ინვესტორს, ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები. ჩვენი მოწოდება იქნება “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” საქმეს მიხედოს”, – განმარტა თურნავამ.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გუშინ, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საშუალებას აძლევს, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე საკუთარი კაპიტალი მოიზიდოს, ასევე პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას მიაღწიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები