ეკატერინე მიქაბაძე: აგროტურიზმის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა

აგროტურიზმი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და აუცილებელია სამომავლოდ ერთიანი ძალებით მისი იდენტიფიცირება, პოპულარიზაცია და განვითარება. მნიშვნელოვანია მდიდარი სასოფლო-სამეურნეო რესურსების მდგრადი გამოყენება, მეტი ოჯახის დაინტერესება და აქტიური ჩართულობა ამ ბიზნესში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ შეხვედრაზე, რომელზეც საქართველოში აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women ორგანიზებით გაიმართა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და სწრაფად მზარდი სექტორია.

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კერძო ინიციატივებს, რათა მათ განავითარონ არსებული და შექმნან ახალი ტურისტული პროდუქტები. გარდა ამისა, ჩვენი ტურისტული სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა და ექსკლუზიური და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება. ერთ-ერთ ასეთ ტურისტულ მიმართულებად აგროტურიზმი განიხილება, სადაც ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს,” – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ასევე, მომსახურების გასაუმჯობესებლად, რეგიონებში ტრენინგები სისტემატურად ტარდება.

“აგროტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მკაფიო კოორდინაცია როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის, ისე სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროგრამებს შორის, რათა უფრო მიზნობრივი, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გახდეს ხელშეწყობა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს,” – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილის განცხადებით, თავისი შინაარსის მიხედვით და საქართველოში არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით აგრო ტურიზმი ნამდვილად არის ძალიან მაღალი ინკლუზიურობის მატარებელი, მისი განვითარება რეალურად მისცემს რეგიონებში მოსახლეობის ფართო მასებს შესაძლებლობას, ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები