“აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში, რა პერსპექტივა აქვს მას საქართველოსთვის – ექსპერტთა შეფასებები

22-23 ოქტომბერს თბილისი „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმს“ უმასპინძლებს.

ფორუმს თბილისში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება. ღონისძიება საქართველოს დედაქალაქში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ტარდება.
რა მნიშვნელობა აქვს ამ ფორუმს და რა პოლიტიკურ და ეკონომიკურ დივიდენდებს მიიღებს საქართველო როგორც სახელმწიფო?
მომავალი ფორუმის დიდ მნიშვნელობაზე საუბრობს “რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული ყველა მთავრობის პოლიტიკა იქით იყო მიმართული, რომ საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნად ჩამოყალიბებულიყო და კარგია, რომ ეს საკითხი ისევ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. გოგოლაშვილის შეფასებით, აბრეშუმის გზა და ფორუმი, რომელიც თბილისში იმართება, კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ამაღლდეს ქვეყნის გეოპოლიტიკური ფუნქცია, განვითარდეს ეკონომიკა და საქართველო გახდეს უფრო დაცული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„ასეთი ფორუმები ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად“,- აცხადებს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.
მისი აზრით, მსგავსი ფორუმები და იქ მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და შესაბამისად საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე.
საქართველოს “ექსპედიტორთა ასოციაციის” პრეზიდენტი ზვიად ჩხარტიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ფორუმის შემდეგ საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო დერეფნის, ცნობადობა მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ქვეყანას როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. ჩხარტიშვილის განმარტებით, არის პერსპექტივა იმისა, რომ საქართველო გახდეს აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი სატრანსპორტო არტერია.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან მოყოლებული „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები