გერმანიაში ქურთებმა აქცია მოაწყვეს, კაფე და სავაჭრო ჯიხური დაარბიეს – არიან დაშავებულები(ვიდეო)

გერმანიის ქალაქ ჰერნეში ქურთებმა, სირიის ჩრდილოეთით თურქეთის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის პროტესტის ნიშნად, მსვლელობა მოაწყვეს. თუმცა, აქციას მშვიდობიანად არ ჩაუვლია.

სულ მცირე 5 ადამიანია დაშავებული, მათ შორის ერთი სამართალდამცველი.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ შეტაკება იმ დროს მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები ერთ-ერთ სავაჭრო ჯიხურთან გადიოდნენ. არეულობის პროვოცირება ჯიხურში მყოფი მამაკაციდან დაიწყო, რომელიც კოლონას მისამართით შეურაცხმყოფელ ჟესტებს აკეთებდა. შეტაკების შედეგად ჯიხურში მყოფი მამაკაცი და ქალი დაშავდნენ.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა თურქულ კაფეში მინები ჩაამსხვრიეს და ავეჯი დაარბიეს, ამ დროს კაფის ერთ-ერთი თანამშრომელი და პოლიციელი დაშავდნენ.

საპროტესტო აქციაში 350-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სანქცირებული არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ოფიციალური პირები სირიაში წარმოებული ოპერაციის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებენ.

14 ოქტომბერს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროს მოუწოდა ანკარას ოპერაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

მისი თქმით, ოპერაცია რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები