სოსო არჩვაძე: შრომითი ურთიერთობების დარეგულირება ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა

0

“ახალი რეგულაციის შემოტანის მიზანია გააუმჯობესოს შრომითი ურთიერთობები, ბალანსი დამქირავებელთა და დაქირავებულთა ინტერესებს შორის იმგვარად, რომ ამან ხელი შეუწყოს მთლიანი ეკონომიკის უფრო სწრაფ, დინამიურად განვითარებას”,- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე შრომის კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, შრომითი ურთიერთობების დარეგულირება ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
“საბაზრო ურთიერთობების ოთხი ძირითადი სახეობიდან (საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და შრომის ბაზრები) შრომის ბაზარი ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებულია. ახალი რეგულაციის შემოტანის მიზანია გააუმჯობესოს შრომითი ურთიერთობები, ბალანსი დამქირავებელთა და დაქირავებულთა ინტერესებს შორის იმგვარად, რომ ამან ხელი შეუწყოს მთლიანი ეკონომიკის უფრო სწრაფ, დინამიურად განვითარებას. ბუნებრივია, შეუძლებელია ეკონომიკის დაბალანსებულ განვითარებაზე საუბარი, მსჯელობა დაბალანსებულ სახელმწიფო ბიუჯეტზე, თუ ასევე არ გვექნა რეალურად დაბალანსებული დამსაქმებელთა და დაქირავებულთა ეკონომიკური ინტერესები.
სახელმწიფო წლებია, აწარმოებს ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკას, საქართველოში ბიზნესი გათავისუფლებულია სოციალური გადასახადისაგან, ხოლო მოგების რეინვესტირების შემთხვევაში მისი მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებამ ბიზნესს ბოლო წლებში უკვე მილიარდ ლარზე მეტი დაუზოგა.
მეორე მხრივ, ქვეყანაში დინამიურად იზრდება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და მათი საშუალო ხელფასი. 2012 წლის შემდეგ, შესაბამისად, 1,5-ჯერ და 1,25-ჯერ. შესაბამისად, ამ ასპექტითაც შრომითი ურთიერთობების დარეგულირება ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს.
ბუნებრივია, შრომითი რეგულაციების დარეგულირება ითვალისწინებს ორ ასპექტს: შესაბამის ევროდირექტივების დაცვას და საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე შესაძლებლობებს. ისინი არ მოიცავენ მხოლოდ შრომითი პროცესის ხანგრძლივობას და ანაზღაურების სიდიდეს. ისინი მოიცავენ აგრეთვე შრომის პირობებს, ზეგანაკვეთურ მუშაობას, მინიმალურ ანაზღაურებას, უმუშევრობის დახმარებას და ა.შ. ყველა ეს საკითხი ექვემდებარება თანმიმდევრულ, დროში შეზღუდულ მაგრამ არა მყისიერ, ერთჯერად გადაწყვეტას.
დარწმუნებული ვარ, ბიზნესი და დაქირავებით დასაქმებულთა ინტერესების დამცველები და სახელმწიფო შეძლებენ ისეთი მიდგომის შემუშავებას, რომელშიც მაქსიმალურად იქნება დაცული მშრომელთა, დამქირავებელთა და მთელი საზოგადოების ინტერესები. ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს, რომ ცვლილებები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს იმგვარად, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს დასაქმებულთა უფლებები, ხოლო მეორეს მხრივ, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ტვირთი არ დააწვეს კერძო ბიზნესსა თუ სახელმწიფო ბიუჯეტს”,წერს სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, „შრომის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში არსებული რეალობა, კერძოდ კი ეკონომიკის განვითარების დონე.

კომენტარები

კომენტარი