სობიბორის აჯანყება — როცა სიკვდილის ბანაკიდან მართლაც გაიქცნენ
1943 წლის 14 ოქტომბერს, პოლონეთის ტყეებში დამალულ ერთ პატარა და გარედან თითქმის შეუმჩნეველ ადგილას მოხდა ის, რასაც დღესაც ამბოხის სიმბოლოდ მოიხსენიებენ: რამდენიმე ათეულმა პატიმარმა, სიცოცხლის გადარჩენის იმედით, მოახერხა გაქცევა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ნაცისტური სიკვდილის ბანაკიდან — სობიბორიდან.
სობიბორი ერთ-ერთი ის ბანაკი გახლდათ, რომლის მიზანსაც მასობრივი განადგურება წარმოადგენდა. ბანაკში მოხვედრილი ებრაელების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე საათს ან დღეს ცოცხლობდა. მისი მდებარეობა — ტყის სიღრმეში, ლუბლინის მახლობლად — ხელს უწყობდა იმას, რომ ბანაკი საიდუმლოდ დარჩენილიყო.
გაქცევა ამ ადგილიდან წარმოუდგენლად რთული იყო. ბანაკს გარს ერტყა მავთულხლართები და კოშკები, შეიარაღებული მცველებით და კარგად შემუშავებული თავდაცვის სტრუქტურით. თუმცა, იმ დღეს პატიმრებმა გადაწყვიტეს, რომ სიკვდილი, რომელიც აუცილებლად ელოდათ, გადარჩენის თუნდაც 1%-იანი შანსით შეეცვალათ.
გაქცევის ორგანიზება საკუთარ თავზე იტვირთა საბჭოთა ოფიცერმა, ალექსანდრ პეჩერსკიმ, რომელიც სობიბორში სხვა რუს სამხედრო ტყვეებთან ერთად გადმოიყვანეს. მან გააერთიანა პოლონელი, ჰოლანდიელი და საბჭოთა ებრაელი პატიმრები და გეგმაც დეტალურად შეიმუშავა: ჯერ ერთიმეორის მიყოლებით უნდა მოეკლათ გერმანელი ოფიცრები, ხოლო შემდეგ ბანაკის ტერიტორია ისე დაეტოვებინათ, რომ ეს ამბავი რაც შეიძლება, გვიან გარკვეულიყო.
ყველაფერი მალევე მოხდა. ჯერ ერთი გერმანელი ოფიცერი შეიტყუეს და მოკლეს. იგივე ბედი ეწიათ სხვა ოფიცრებსაც და რამდენიმე უკრაინელ მცველსაც. როცა საქმე იქამდე მივიდა, რომ „გაუჩინარებულების“ შესახებ ინფორმაცია ვეღარ დაიმალებოდა, აჯანყებულებმა გაქცევა დაიწყეს.
ბანაკის გარშემო დანაღმული მინდვრები მდებარეობდა. იმ ღამით ასობით პატიმარი თავს დაესხა შეიარაღებულ დაცვას. მათ გასაქცევად მხოლოდ 1 მიმართულება ჰქონდათ — ტყისკენ. გაქცეულთაგან ბევრი გზაში დაიღუპა — დანაღმულ მინდვრებზე აფეთქდა, ან მეზობელ სოფლებში ნაცისტების ხელში ჩავარდა. ომის დასრულებამდე 50-მდე აჯანყებული გადარჩა. მოგვიანებით, მათ თავად მოჰყვნენ, თუ როგორ გაიქცნენ ბანაკიდან, როგორ აიგეს პატარა მიწიურ ტყეში, როგორ იმალებოდნენ თვეების განმავლობაში და როგორ დააღწიეს თავი იმ მიწას, სადაც მათი განადგურება იგეგმებოდა.
სობიბორის აჯანყებამ გერმანელთა ყურადღება მიიპყრო. აჯანყებიდან მალევე, ჰიმლერის ბრძანებით, ბანაკი მთლიანად გაანადგურეს — მიწასთან გაასწორეს ყველა შენობა, დახოცეს დარჩენილი პატიმრები და მუხის ხეები დარგეს, რათა აღარავის ეცნო ეს ადგილი.
თუმცა, ეს მაინც არ გამოუვიდათ. სობიბორის ამბოხმა დაადასტურა, რომ მაშინაც კი, როცა ადამიანებს ბოლო უფლებაც ჩამოერთმევათ — სიცოცხლის ნება ისევ მათია. დღეს სობიბორის აჯანყება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ჰეროიკული კოლექტიური გაქცევაა ჰოლოკოსტის პერიოდიდან. ეს იყო წამი ისტორიაში, როცა ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლის უკანასკნელ მომენტში გადაწყვიტეს, სიკვდილისთვის თვალებში შეეხედათ და ეთქვათ — „არა“.