სირიაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია – კონფლიქტში ასადის არმია ჩაერთო

სირიაში ბაშარ ასადის არმია, რაქას პროვინციაში, ქურთების მიერ კონტროლირებად ქალაქში ტაბკაში შევიდა.

ლიბანური ტელეარხის al-Mayadeen-ის ინფორმაციით, არმია სიღრმეში ჩრდილოეთით მიემართება.

დამასკოს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ ქურთებსა და დამასკოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვით, სირიის სამთავრობო არმია ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროსთან რიგ დასახლებულ პუნქტს დაიცავდა.

სწორედ ამ ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა თურქეთი სამხედრო ოპერაციას „მშვიდობის წყაროს“ქურთების წინააღმდეგ მართავს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.

მოსალოდნელია, რომ სირიის არმია დღეს თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანის კონტროლს ქვეშ აიყვანს, სადაც დამასკოს სამხედრო კონტინგენტის განთავსება იგეგმება.

ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის მონიტორინგის ცენტრმა განაცხადა, რომ 13 ოქტომბერს სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების მოქმედების შედეგად 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაშავების შესახებ.

გაეროს მონაცემით, თურქეთის მიერ 9 ოქტომბერს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად უკვე 130 ათასი სირიელი ლტოლვილი გახდა.

დღეს, ევროკავშირის წევრი-ქვეყნების საგარეოპოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელები თურქეთის სამხედრო ოპერაციაზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები