გარემოს დაცვის სამინისტრო წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარულ ჭრებს ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 60 ჰა ფართობზე სანიტარულ ჭრებს ახორციელებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს მოსახლეობას შეხვდა და სანიტარული ჭრების მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომლის დანიშნულებაა დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღება. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო სანიტარული ჭრების პარალალურად ჭრაგავლილი ფართობების აღდგენის ღონისძიებებსაც ახორციელებს.

“სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამია (Ips typographus), რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი.

სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26000 ჰა ფართობზე,  ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2011 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა. მიღებული დასკვნების საფუძველზე დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები. 2013 წლიდან მთელ ტერიტორიაზე ხდება ფერომონიანი მწერმჭერების განთავსდა, მუდმივად ტარდება მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. სულ 2013-2019 წლებში დაჭერილი და განადგურებული იქნა 15 მილიონამდე ქერქიჭამია. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2020 წელსაც”,-ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები