ოთარ ანგურიძე: მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე

„მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე“, – ასე აფასებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე სარეიტინგო კომპანიის გადაწყვეტილებას.
​მისი თქმით, Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას აძლიერებს.
„სარეიტინგო კომპანია „S&P“-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე“, –  აცხადებს ოთარ ანგურიძე.
​სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, რაც მიანიშნებდა, რომ საქართველოს, პოზიტიური ტენდენციების შემთხვევაში, რეიტინგის გაუმჯობესების რეალური შესაძლებლობა ჰქონდა. მიმდინარე წელს Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა.
​სარეიტინგო კომპანიამ თავის რელიზში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და მიმდინარე რეფორმები ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას იძლევა და გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული.​
ანგურიძის განცხადებით, ასეთ რეფორმებს შორის სააგენტომ დაასახელა განათლების, საჯარო და კერძო თანამშრომლობის, საპენსიო, დეპოზიტების დაზღვევის, მიწისა და საგადასახადო რეფორმები. ასევე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და კაპიტალური ხარჯების პრიორიტეტიზაციის გავლენაზე ეკონომიკურ ზრდის პროცესზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები