ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგმა ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით სააკაშვილის რეჟიმს წერტილი დაუსვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს წერტილი დაუსვა. მისი თქმით, ხელისუფლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ემორჩილება და რაც მასზეა დაკისრებული აღასრულებს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება არის სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, სადაც არ არსებობს საფუძველი, როგორ შეიძლება დაიცვა პოზიციები, მაშინ, როდესაც ირაკლი ბათიაშვილის მიმართ მთელი რიგი უკანონო ქმედებები განხორციელდა. სტრასბურგის გადაწყვეტილება არის სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხი, სადაც სტრასბურგმა კიდევ ერთხელ სააკაშვილის რეჟიმს წერტილი დაუსვა, შეაფასა, რომ მისი რეჟიმის დროს იყო განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხარეს წარმოვადგენდით, ვიცავდით ქვეყნის ინტერესებს და პოზიციას. სააკაშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ გაასამართლა სტრასბურგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვემორჩილებით, აღვასრულებთ და სახელმწიფოს რაც დაეკისრა ვუზრუნველყოფთ”,-განაცხადა ოხანაშვილმა.
​ცნობისათვის, სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები