ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას იაპონიის ბაზარზე

ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას იაპონიის ბაზარზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, იაპონიის ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხები განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იაპონის, როგორც ქართული ღვინისთვის პერსპექტიულ და საინტერესო ბაზარზე.

“ბოლო წლებში, ქართული ღვინისადმი ინტერესესი აზიურ ბაზრებზე სულ უფრო მზარდია. სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ ღონისძიებებს ბაზრების დივერსიფიკაციის სტრატეგიით გათვალისწინებულ ქვეყნებში, მათ შორის, იაპონიაში. მიმდინარე წელს, ტოკიოში გამართული მასშტაბური გამოფენის “საქართველო ღვინის სამშობლო“ შემდეგ, ღვინის ექსპერტები ქართული ღვინით, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოებით, სულ უფრო მეტად ინტერესედებიან. შეფასებებიც ძალიან პოზიტიურია. შესაბამისად, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას იაპონიის ბაზარზე“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ ქართული ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრა.

“ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ქართულ მხარეს, რათა უნიკალური ქართული ღვინის ექსპორტი იაპონიაში გაიზარდოს. პოზიტიური შედეგის მისაღწევად, შესაძლებელია სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ერთობლივად განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის არა მხოლოდ მცირე მარნების ნიშური პროდუქციის, არამედ მსხვილი კომპანიების წარმოებული ღვინის პოპულარიზაციისა და დამკვიდრებისთვის“,- განაცხადა იაპონიის ელჩმა.

შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კოოპერაციისა და ტყის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები