განათლების სამინისტრო: უწყების პრესსამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებით ინფორმაცია სიცრუეა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმაურება “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ და ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ “განათლების სამინისტროს მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებული ადამიანების შესახებ” სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტროს სახელწოდება არასწორად (სავარაუდოდ, მიზანმიმართულად) არის მითითებული. 2018 წელს განათლებისა და მეცნიერების, ასევე, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების შემდგომ მას ეწოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (და არა მითითებული სახელწოდება “განათლების სამინისტრო“).
“შესაბამისად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები, რომლებიც ამ უწყებებში ცალ-ცალკე არსებობდნენ, გაერთიანდნენ.
გაერთიანების შედეგად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი სამინისტროში ჩამოყალიბდა ერთი – სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი. გარდა იქამდე არსებული საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის სამმართველოებისა, აღნიშნულ დეპარტამენტს დაემატა პროტოკოლის სამმართველო, ცხელი ხაზი და ახალი – კოორდინაციის სამმართველო, ვინაიდან სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა, არაერთი მიმართულების (განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი) გარდა, ფუნქციონირებს რამდენიმე ათასი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
გაერთიანებისა და დამატებული სამმართველოების მიუხედავად, დეპარტამენტში დღეს არსებული თანამშრომლების რაოდენობა არის არა 49 (როგორც ანგარიშშია მითითებული), არამედ 41, რაც იქამდე ცალ-ცალკე არსებულ სამმართველოებში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობაზე ნაკლებია, ” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” გამოაქვეყნა 2013-2018 წწ. პიარსამსახურში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურება. შედეგად, მათი ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა.