10-13 ოქტომბერს საჭადრაკო ფესტივალი – “ნანა ალექსანდრიას თასი” ტარდება

10-13 ოქტომბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელის, ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონის, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 12 ოქროს მედლის მფლობელის, ნანა ალექსანდრიას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი – “ნანა ალექსანდრიას თასი“ ტარდება.

ფესტივალი 3 ტურნირისგან შედგება: 8 წლიანი ბავშვების, 16 წლამდე მოსწავლეების და ჭადრაკის მეგობართა ტურნირი წარმატებული ადამიანების მონაწილეობით. შეჯიბრებები 10 – 12 ოქტომბერს ვ. ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში ჩატარდება.

ნანა ალექსანდრიამ, როგორც დიდმა საჭადრაკო მოღვაწემ ჭადრაკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 1971 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლას. 16 წლის განმავლობაში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში (FIDE) ქალთა ჭადრაკის კომისიას ხელმძღვანელობდა. იყო ევროსაბჭოში საქართველოს ეროვნული ელჩი სპორტში, ტოლერანტობასა და სამართლიან თამაშში. მისი მოღვაწეობის შედეგია ქალთა საჭადრაკო ოსკარის შემოღება, გოგონათა ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატების დაარსება, ევროპის ქალთა საკლუბო თასის შემოღება, ქალთა გუნდის ჩართვა ვაჟთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებში. მისი რეკომენდაციების საფუძველზე საერთაშორისო ტურნირებში შემოღებულია ქალთა პრიზები და სხვ.

ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში გაიმართება ნანა ალექსანდრიას იუბილესადმი მიძღვნილი საღამო და საჭადრაკო ფესტივალის საზეიმო დახურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები