არჩილ თალაკვაძე: ძალიან კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო პირების დაშვება ხდება, შემდგომი შეთანხმებები წინ გვაქვს

ძალიან კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო პირების დაშვება ხდება, შემდგომი შეთანხმებები წინ გვაქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

“მივესალმებით, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დავით გარეჯის მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს დგამენ. ეს საკითხი ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ფორმატში, მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია. ხაზგასმით გამოვყოფდი გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელსაც როგორც იკვეთება, კონკრეტული შედეგი აქვს. ვფიქრობ, ამ პოზიტიურ ტენდენციას შევინარჩუნებთ და საბოლოოდ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივაღწევთ. ძალიან კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო პირების დაშვება ხდება, შემდგომი შეთანხმებები წინ გვაქვს. ეს თემა ეროვნული მნიშვნელობისაა, საზოგადოება, თავად ეკლესია, მთავრობა და პარლამენტი სახელმწიფო ინტერესებს უჭერენ მხარს“, – განმარტა თალაკვაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით 9 ოქტომბერს აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

გიორგი გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი 10 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე შეაფასა და განაცხადა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები დღეიდან გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები