ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: „შმაქსი“ რეფორმის ჩასაგდებად და პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად მოიფიქრეს

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, „შმაქსების“ საქმიანობა ტაქსების რეფორმისთვის ხელის შეშლას წარმოადგენს. მისი თქმით, „შმაქსის“ ავტორების მიზანია, რეფორმა ჩააგდონ, რასაც მერია არ დაუშვებს. ამის შესახებ მუმლაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შმაქსის“ რამდენიმე მძღოლი უკვე დაჯარიმდა. ჩვენ შეგვიძლია, დღესაც გავიდეთ და დავაჯარიმოთ მძღოლები, მაგრამ არ გვინდა. მძღოლები, შეცდომაში არიან შეყვანილები, მათ გადასცეს ეს კანონგარეშე ნიშანი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება რეფორმას, ეს პირდაპირ გამიზნულია იქითკენ, რომ რეფორმა ჩავარდეს. ის, რა მოთხოვნაცაა საზოგადოებისგან, რომ ტაქსები იყოს მოწესრიგებული, გამიზნული აქვთ, რომ ეს ჩავარდეს, ამას არ დავუშვებთ არანაირად. არ დავუშვებთ მიმართულებას, რომელიც ხელისშემშლელი იქნება ამ რეფორმისთვის, თუნდაც „შმაქსი“, რაც მოიფიქრეს იმისთვის, რომ, ალბათ, პოლიტიკური დივიდენდები მიეღოთ, აიყოლიეს გარკვეული ფენა. მოვუწოდებთ მძღოლებს: ეს თქვენი შეცდომაში შეყვანაა, ეს უკანონოა. A პუნქტიდან B პუნქტამდე გადაყვანისთვის თანხას იღებენ ისინი, რაც დაჯარიმებას ექვემდებარება. ჩვენ ვაცხადებთ, დაგვჭირდება ერთი დღე, რომ გავიდეთ და ყველა მძღოლი გავაჩეროთ, ვინც ამ ნიშნის ქვეშ იქნება და დავაჯარიმოთ“, – განაცხადა მუმლაძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობა გირჩი ტაქსების რეგულაციის წინააღმდეგ გამოვიდა და TAXI-ს ნიშნის ნაცვლად შმAXI წარადგინა. გირჩში ამბობენ, რომ აღნიშნულ პროექტს საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა , კომპანიის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობა იქნება – ის დაიქირავებს მასწავლებლებს რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ მგზავრებს კი, ვისაც გირჩის, საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი ექნებათ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ.
შეგახსენებთ, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს, პირველ ოქტომბერს ამოქმედდა.
A კატეგორიის თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს უფლება აქვთ, მგზავრები ქუჩაში აიყვანონ. ამ კატეგორიის ტაქსებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და უბანში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ უფასო პარკინგით. A კატეგორიის ტაქსებს ასევე შეუძლიათ ავტომობილზე სარეკლამო ბანერების განთავსება.

A კატეგორიისგან განსხვავებით, მხოლოდ კომპანიებთან თანამშრომლობისა და გამოძახებით მუშაობის უფლება აქვთ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები