წელს საზღვაო სეზონზე მაშველებმა 300-მდე ადამიანი გადაარჩინეს

0

ბათუმში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 2019 წლის საზღვაო სეზონი შეაჯამეს. მათი ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და თბილისის წყლებზე, 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

“წელს წყალზე სამაშველო განყოფილებებში უპრეცედენტო რაოდენობის სეზონური მაშველი მუშაობდა, რომლებმაც, როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე თბილისის წყლებზე, 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. სამსახურის ინფორმაციით, გადარჩენილთა შორის 69 არასრულწლოვანი და უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე იყო. გარდა ამისა, მათ სანაპირო ზოლში დაკარგული 78 არასრულწლოვანი იპოვეს.

2019 წლის საზღვაო სეზონი გამორჩეული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის.
სანაპირო ზოლებზე განლაგდა ახალი სამაშველო საგუშაგოები, განახლდა სამაშველო კოშკურები, გაუმჯობესდა წყალზე სამაშველო ტექნიკა და დაემატა საჭირო აღჭურვილობა. წელს, პირველად გამოჩნდნენ გოგო მაშველები.
აღსანიშნავია, რომ ასევე პირველად ჩაერთო სამაშველო ოპერაციებში ჩვენი ტექნოლოგიური სიახლე – დრონი. მაშველი დრონები სანაპირო ზოლზე პატრულირებისა და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება. მათი ეფექტიანობა ნათლად გამოჩნდა, როდესაც მაშველებმა შტორმის დროს დრონის საშუალებით რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
საზღვაო სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მაშველებს, წყალზე სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მადლობის სიგელი გადაეცა, გადარჩენილი ადამიანების რაოდენობის მიხედვით გამორჩეულმა მაშველებმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

კომენტარები

კომენტარი