ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქობულეთის მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს.  რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

სოფელ კვირიკეს მოსახლეობას სასმელი წყლისა და გზის პრობლემა წლებია აწუხებთ, რაც მათ დისკომფორტს უქმნის.

შეკრებილებმა სოფელში არსებული სკოლის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც ისაუბრეს.

“დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი პრობლემები გავაცანი ქობულეთის მერსა და აჭრის განათლების მინისტრს. სკოლის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაგვპირდნენ, რაც ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის სასიხარულოა. მართალია ეტაპობრივად ყველაფერი კეთდება, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ არის. არ შემიძლია არ ავღნიშნო ის რომ ჯანდაცვის მიმართულებით ყველა პრობლემა მოგვარდა. ამ მხრივ დიდ ყურადღებას გვაქცევენ სოფელში“-“რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობს ციცინო ჭყონია.

სოფელში ასევე ერთ-ერთი კომპანია ინერტული მასალის მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს, აფეთქებების შედეგად კი როგორც იქ მცხოვრებლები ამბობენ, საცხოვრებელი სახლები ზიანდება და დაზარალებულებს სხვაგან ცხოვრება უწევთ.

“გამომდინარე იქედან, რომ ახლომდებარე მთებში ინერტული მასალის მოპოვება მიმდინარეობს, სახლები დაზიანდა. სამუშაოები ბუნებასაც ანადგურებს, ამიტომაც ხდება გაწვიმებისას წყალდიდობები”- ამბობს ტრისტან მდინარაძე.

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ სახელისუფლებო გუნდთან ერთად მინისტრებთან ზედა კვირიკეს მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემებიც მოისმინა. ის თანამდებობის პირებთან ერთად ადგილობრივების მოთხოვნებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაეცნო.

მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა აქაც სასმელ წყალს უკავშირდება. პრობლემა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, წლების განმავლობაში აწუხებთ. ქობულეთის მერი დეტალურად გაეცნო საკითხებს და თანმხლებ პირებთან ერთად გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

“ჩვენ იმ საერთო შეხვედრების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მოსახლეობასთან შეძლებისდაგვარად მოხდება მომავალ წელს ეტაპობრივად მოხდება მათი მოთხოვნების გათვალისწინება. ზედა კვირიკეს მოსახლეობის პრობლემებიც მოვისმინეთ ასევე ეტაპობრივად მოხდება სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებლებთან შეხვედრები. ძირითადად აქ მოვისმინე ის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. მიუხედავად იმისა რომ, სოფლების შიდა გზების ბეტონირების კუთხით უპრეცედენტო მოცულობაა გათვალისწინებული. გამოითქვა მოსაზრება საბავშვო ბაღის არსებობაზე, საფეხბურთო მოედანის მოწყობაზე და რა თქმა უნდა ჩვენ ამ საჭიროებებს გავითვალისწინებთ. მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ინტენსიური ხასიათი აქვს, ყოველი კვირის სამშაბათს იმართება შეხვედრები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად დაიწყოს პრობლემების მოგვარება, რომლის პროცესიც დაწყებულია“- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე ქობულეთის მერთან ერთად პარლამენტის წევრები, დეპუტატები და აჭარის მთავრობის წევრები, ასევე აჭარის ჯანდაცვისა და განათლების მინისტრიც იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები