საქართველოს გზებზე ავტომობილით ბავშვების გადაადგილება სახიფათოა – სპეციალისტი ახალი რეგულაციების საჭიროებაზე საუბრობს

ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორის ირაკლი იზორიას განცხადებით, საქართველოს გზებზე ავტომობილით ბავშვების გადაადგილება სახიფათოა. ამ საკითხთან დაკავშირებით იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ირაკლი იზორია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია.
როგორც იზორია აცხადებს, მსგავსი ტიპის ცვლილება ბავშვთა უსაფრთხოების გაზრდის კუთხით უმნიშვნელოვანესია.
„საგზაო უსაფრთხოებაზე ტრანსპორტის კუთხით მომუშავე ორგანიზაციები ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ბავშვების გადაადგილება საქართველოს გზებზე სახიფათოა. გარკვეული ინიციატივები, კამპანიებიც, სხვადასხვა უწყებასთან შეხვედრებიც გვქონია ამის შესახებ. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ინიციატივა დარეგისტრირდა პარლამენტში – ეს არის სამგზავრო სავარძლების სავალდებულობის შესახებ, რაც საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს. დღევანდელი კანონმდებლობა ხარვეზიანია, თუ უკანა სავარძელზე ზის მოზარდი და უკეთია უსაფრთხოების ღვედი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მისი ავტომობილით გადაადგილება. არ უნდა იყოს დასაშვები, რომ მშობელს ღვედით შეეძლოს ბავშვის დაჭერა. მოზარდი დაცული არაა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, როცა შეჯახება ხდება, შესაძლოა, მშობელს ბავშვი ხელიდან გაუვარდეს .
ბავშვთა უსაფრთხოების გაზრდის კუთხით მნიშვნელოვანია კანონში ცვლილებების შეტანა. ჩვენ, ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, მივესალმებით კანონპროექტის ინიცირების ფაქტს და ჩვენი ძალებითაც მხარს დავუჭერთ. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა სტატისტიკა სავალალოა, 459 ადამიანი დაიღუპა 2018 წელს და 9 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, თუ უშუალოდ ბავშვებთან მიმართებაში განვიხილავთ: 0-დან 16 წელამდე ბავშვების 1012 მძიმე დაშავების ფაქტი დაფიქსირდა და 21 ბავშვი გარდაიცვალა ჩვენს გზებზე. ამიტომ მნიშვენელოვანია ამ კანონპროექტის მიღება, რათა ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტები ამაღლდეს.
რაც შეეხება უშუალოდ სავარძლების თემას, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მითი არსებობს, ბევრი ადამიანი ამბობს იმას, რა საჭიროა უსაფრთხოების სავარძელი, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ბავშვს ვერ დაიცავს ისე, როგორც საჭიროაო. მინდა გითხრათ, რომ უსაფრთხოების სავარძლები, ესაა სპეციალური კონსტრუქცია, რომელიც შექმნილი და ადაპტირებულია საგზაო შემთხვევების მომენტისათვის. ბავშვების ორგანოები არ არის ისე განვითარებული, დიდი შანსია, რომ თავის არეში დაზიანება მიიღონ. სხვადასხვა კვლევაში წერია, რომ თუ ბავშვი პატარაა, მისი თავის წონა შედარებით დიდია, შეჯახების დროს იზრდება კინეტიკური ენერგია, რასაც შესაძლოა, სავალალო შედეგი მოჰყვეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია 12 წლამდე ბავშვებისთვის ასეთი სავარძლების გამოყენება. 6- 7 წლიდან და ზემოთ, გამოყენებული უნდა იქნას სპეციალური ე.წ. ბუსტერები, ასამაღლებელი საშუალება – ბალიშები. ეს არის იმისთვის, რომ თუ უკან 12 წლამდე ბავშვს დავსვამთ, რომელიც ფიზიკურად ცოტა დიდია და მას არ ესაჭიროება ჩვილისთვის განკუთვნილი სავარძელი, ადგილი ამაღლებული იყოს ავტომობილის სალონში, რადგან ღვედმა კისერზე არ გაიაროს, ღვედი მკერდის არეში უნდა განთავსდეს. ამ დროს ბავშვი უფრო დაცული იქნება“- განაცხადა იზორიამ.
ცნობისთვის, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში დარეგისტრირდა. ცვლილებები დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ მოამზადეს.
კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იყოს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.
ინიციატორები განმარტავენ, რომ რეგულაციები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება.
კანონპროექტის ავტორები ცვლილებების მომზადების მიზეზად საგზაო უსაფრთხოების პრობლემას ასახელებენ. მათი ცნობით, „თვალშისაცემია საგზაო უსაფრთხოების პრობლემა, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო გადაადგილება, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“, – აღნიშნავენ ინიციატორები.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები