“ის ფაქტი, რომ სამღვდელოებისთვის გახსნილი იქნება დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები, საქართველოს პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგია”

ის ფაქტი, რომ ხვალიდან სამღვდელოებისთვის გახსნილი იქნება დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები, სწორედ საქართველოს პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას და ამ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს. მათ შორის, მოგეხსენებათ დავით გარეჯის თემა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და ის, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგით დავბრუნდით, სწორედ ამ ორმხრივი შეხვედრიდან გამომდინარეობს, სადაც იყო ძალიან გულწრფელი საუბარი ყველა მიმართულებაზე”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში წარმოქმნილი დაბრკოლებები მოიხსნა, რაც სწორედ აღნიშული შეხვედრის შედეგია.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ, გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემა არის ძალიან მგრძნობიარე, საბჭოთა პერიოდიდან გვერგო უმძიმესი მემკვიდრეობა, რომლის გადაწყვეტაც ასე სწრაფად ვერ მოხდება, ამიტომ მთავარია, რომ ის არსებული დაბრკოლებები, რომლებიც ბოლო პერიოდში წარმოიშვა, დაუყოვნებლივ მოვხსნათ და კარგია, რომ სწორედ ამ შეხვედრის შედეგად მივაღწიეთ ამას,”-აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, პარარელურად გაგრძელდება მუშაობა სადემილიტაციო კომისიის ფარგლებში.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთობლივად მივაღწევთ იმას, რომ საკითხი მოგვარდეს ორივე მხარისთვის მისაღებ ფორმებში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესებიდან გამომდინარე,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს და გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს შეეხო.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტის განვითარება და ინვესტიციები იყო ასევე ის ძირითადი თემები, რომლებზეც შეხვედრებზე გამახვილდა ყურადღება.

მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგად დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ნოემბერში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები