საფრანგეთის ექსპერტიზა – საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კორუფციისგან თავისუფლებით ევროპაში მე-13 ადგილზეა

2019 წლის 1-ელ ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში საქართველო კორუფციის კონტროლის მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

კორუფციის კონტროლის შეფასებისას მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას და მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღსანიშნავია, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ერთობლივი სპეციალური ექსპერტული გამოკვლევა (Institutional Profiles Database (IPD) ინსტიტუციური პროფილების მონაცემთა ბაზა. კვლევა, რომელიც “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მეთოდოლოგიით გადამუშავდა, საშუალებას იძლევა, სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდეს აღმასრულებელი ხელისუფლების კორუფციისგან თავისუფლების დონე სამ პრობლემატურ საკითხთან მიმართებით:

1. კორუფცია ადმინისტრაციასა და ადგილობრივ ბიზნესს შორის;

2. კორუფცია ადმინისტრაციასა და უცხოურ ბიზნესს შორის;

3. წვრილმანი კორუფცია ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის.

შემაჯამებელი შეფასების 100%-ინი სკალიდან საქართველომ 75% მიიღო, მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-13 პოზიციაზე მოხვდა.

საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორებიცაა: ირლანდია, შვეიცარია, ჰონკონგი, სლოვენია, კვიპროსი, ჩეხეთი, პორტუგალია, პოლონეთი, მალტა, ხორვატია, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, და ა.შ. ამასთანავე, საქართველო რეიტინგში ლიეტუვასა და იაპონიას გაუთანაბრდა.

მთლიანობაში ინსტიტუციური პროფილების მონაცემთა ბაზაში მოცემულია მრავალი ინდიკატორი 100+ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნის ინსტიტუციური მახასიათებლების შესახებ.

ეს სპეციალური გამოკვლევა საფრანგეთის ეკონომიკის, ინდუსტრიისა და დასაქმების სამინისტროს და, აგრეთვე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ექსპერტების ჩართულობით და ამ ორივე უწყების სტაფის მონაწილეობით ხორციელდება.

თავის მხრივ, გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგსა და შეფასებას (მაგ., Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები, თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ახალი ერთიანი მაჩვენებლები მიიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

წყარო: info.worldbank.org

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები