“მინდა სოფელში მცხოვრები ქალებიც დავასაქმო” – ხელვაჩაურელი მეწარმისა და “ნინოს მშრალი ხილის” ისტორია

ნინო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში ცხოვრობს, მან დიდი ხნის ჩანაფიქრი რეალობად აქცია და ახლა სხვადასხვა სახეობის ჩირს აწარმოებს. გეგმებსა და დიასახლისობას ერთმანეთთან იდეალურად ათავსებს. ჩირის დასამზადებელი სპეციალური დანადგარები გრანტის ფარგლებში შეიძინა. ახალგაზრდა ქალი ახლა ჩანაფიქრის რეალობად ქცევას ცდილობს. ნინო გაბრიაძე ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარ ეზოში მოყვანილი ხილის ჩირს აწარმოებს. როგორ დაიწყო წარმოება და რა გეგმები აქვს ნინო “რეგიონულ კვირას” უყვება.

“როდესაც არასტანდარტულ ხილს გადაყრილს ვხედავდი, მებრალებოდა, მინდოდა შემძლებოდა მისი გადამუშავება და მზა პროდუქციის მიღება. გადავწყვიტე გამეკეთებინა მანდარინის ჩირი. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. თავდაპირველად, ჩემს ეზოში მოწეულ ხილს და ციტრუსს ვამუშავებდი, მერე კი დიდი რაოდენობის ჩირის მისაღებად ნაყოფი მეზობლებიდან შევიძინე”,- ყვება ნინო გაბრიაძე.
ბიზნესი გრანტის ფარგლებში წამოიწყო. მეწარმე ქალი ჩირთან ერთად, სხვადასხვა სახეობის ხილისგან ჩიფსის დამზადება და რეალიზებასაც აპირებს.

“მუშმალას ჩირს 50 საათი შრობა სჭირდება. დანადგარების მეშვეობით ამის შესაძლებლობა მაქვს. შემდეგ როდესაც პროდუქცია მზად არის, მისი ვაკუუმში მოთავსება ხდება. ვფიქრობ, ეს საქმიანობა მომგებიანია, რადგან პროდუქცია ადგილობრივი ხილისგან მზადდება. შაქრიან დიაბეტსა და სხვადასხვა ტიპის დაავადებებზე არის სასარგებლო და შესაბამისად მოთხოვნადიცაა”,- აღნიშნავს ნინო.
მეწარმეს სამომავლო გეგმებში საინტერესო იდეების მქონე ქალების დასაქმება შედის. ის გამოცდილება, რაც ამ დროის განმავლობაში დააგროვა, მზადაა თანამოაზრეებს გაუზიაროს. ნინო გაბრიაძე აჭარაში აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანების თავმჯდომარეცაა. მიღწეული შედეგი არ აკმაყოფილებს და სხვადასხვა საგრანტო კონკურსში მონაწილეობას აპირებს. გარდა ამისა, სამომავლოდ პროდუქციის უცხოურ ბაზარზე რეალიზებასაც გეგმავს.

“ოჯახის წევრების დახმარებით ვუძღვები ბიზნესს, მინდა სოფელში მცხოვრები ქალებიც დავასაქმო, მამამთილმა მომიწყო ეს პატარა საწარმო, მომავალში გაფართოვებას ვაპირებ, მინდა ჩემს მიერ დამზადებული ჩირი ცნობილი მხოლოდ აჭარაში არ იყოს. სურვილი მაქვს საქართველოში და შემდეგ, მის ფარგლებს გარეთ გავიტანო და ამ ჯანსაღი პროდუქციის მომხმარებელი კმაყოფილი იყოს”,- დასძინა მეწარმემ.
ნინო გაბრიაძის პროდუქციას უკვე აქვს თავისი ეტიკეტიც, რომელსაც “ნინოს მშრალი ხილი” ჰქვია.

ფიქრია დავლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები