ქურთთა რაზმებმა სირიის ჩრდილოეთით ნავთობის რამდენიმე საბადო ააფეთქეს

0

ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმის (YPG-ის) წევრებმა თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ, სირიის ჩრდილოეთით, ჰასაქის პროვინციაში ნავთობის რამდენიმე საბადო ააფეთქეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო ტელეარხი ავრცელებს.

ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” დაწყების შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

ამჟამად, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები და არტილერია სირიის ჩრდილოეთით ქურთთა პოზიციებზე იერიშებს ახორციელებენ.

Haber Turk-ის ინფორმაციით, თურქეთმა სირიის საზღვართან სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი ჩაახშო.

ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა ანკარას სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციის შეჩერებისკენ მოუწოდა.

“მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი სირიის საზღვართან შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია, მოვუწოდებთ ანკარას, ასევე სხვა აქტორებს, იმოქმედონ თავშეკავებით და შეაჩერონ ოპერაცია. ეს ოპერაცია დადებით შედეგს არ მოიტანს”,-განაცხადა იუნკერმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს.

ერდოღანის თქმით, ოპერაციის მიზანია თურქეთის საზღვარზე, სირიის ტერიტორიაზე ქურთული თავდაცვის ძალებისგან გათავისუფლება, სტაბილურობა და უსაფრთხო ზონის შექმნაა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაცია “მშვიდობის წყარო” ქვეყანას ტერორისტულ საფრთხეებს აარიდებს.

ოპერაციის დაწყებამდე ერდოღანმა სატელეფონო საუბარი რუსეთის ლიდერთან გამართა, რომელმაც თურქ კოლეგას ოპერაციის დაწყებამდე ვითარების კარგად აწონვისკენ მოუწოდა.

ამასთან, 7 ოქტომბერს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ თურქეთის მიერ დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს და თურქეთის საზღვართან პოზიციებს ტოვებენ.

თუმცა, განცხადებაში ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმის (YPG-ის შესახებ), რომლებიც ამ დრომდე აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობდნენ და “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში ვაშინგტონს ეხმარებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი