კობა კობალაძე: ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია შესაბამი უწყებებისთვის ბიუჯეტის გაზრდა

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ სოციალური დაცვის მიმართულებით დაიხარჯება ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი – 3 512 800 000 ლარი ანუ მშპ-ის 7.2%, რაც უპრეცედენტოა, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.

კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ იმ უწყებებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების დაცვაზე, ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ასევე, აღნიშნულ სტრუქტურებში დაგეგმილი რეფორმების ეფექტურად განსახორციელებლად, რეკომენდებულია ბიუჯეტის გაზრდა.

“2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ სოციალური დაცვის მიმართულებით დაიხარჯება ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი – 3 512 800 000 ლარი ანუ მშპ-ის 7.2%, რაც უპრეცედენტოა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად გამოცხადებულია ვეტერანებისა და მათი ოჯახების სათანადო ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისთვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფა. ამის პარალელურად, არ არის გათვალისწინებული ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. სწორედ ჩვენი ვალია ამ ადამიანებს შევუქმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

კობალაძემ ისაუბრა იმ რეფორმების შესახებაც, რაც 2020 წლიდან აქტიურად დაიწყება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების მიმართულებით და ძირითადი აქცენტი სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე გაკეთდება. მისი თქმით, იგეგმება საწარმოო ბაზის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, თავდაცვის ძალებში არსებული შეიარაღებისა და ტექნიკური საშუალებების მოდერნიზება და აღდგენა.

“ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების მიზნით, აქტიურად იგეგმება თავდაცვის სფეროში სამეცნიერო კვლევების განხორციელება, საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა და ექსპერიმენტული მოდელების შექმნა შემდგომში ექსპორტის გაზრდის მიზნით, რაც თავდაცვის მინისტრის მიერ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა. ამ მიმართულებით, საოპერაციო ხარჯებისთვის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 27 644 400 ლარი. თუმცა, საინტერესოა რეალურად პასუხობს თუ არა აღნიშნული თანხა არსებულ გამოწვევებს, რამდენადაც, სამეცნიერო კვლევები, ტექნოლოგიების დანერგვა, არ არის მხოლოდ სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის თემა, ეს შეიძლება დამატებითი რესურსების მოძიებას საჭიროებდეს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი სამხედრო ტექნიკა საკმაოდ მოთხოვნადია.
გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადებულია თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება. ამ მხრივ, ბიუჯეტში საკმაოდ დიდი მატებაა, 2020 წლისთვის ის შეადგენს თითქმის გაოთხმაგებულ თანხას 2019 წელთან შედარებით“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

საკომიტეტო განხილვისას გენერალი კობალაძე შსს-სთვის გამოყოფილი ბიუჯეტის თემასაც შეეხო.

“2020 წლისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში იგეგმება მნიშვნელოვანი რეფორმები: შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების საპოლიციო სერვისების შესაბამისი მართლწესრიგის ოფიცერთა დანაყოფები, რომელთა უმთავრესი ამოცანა დანაშაულის პრევენცია იქნება. გაძლიერდება ქვეით პატრულ ინსპექტორთა კორპუსიც. ასევე გაგრძელდება უკონტაქტო პატრულირების ინსტრუმენტის განვითარებაც, რაც აუცილებელია საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 770 მლნ ლარი, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 28.4 მლნ ლარით აჭარბებს. აღნიშნული გაზრდილი ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი 2020 წლის 1 ივლისიდან პოლიციელთა ხელფასების საშუალოდ 125 ლარით გაზრდას მოხმარდება“, – განაცხადა კობალაძემ.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, თუ წლის ბოლომდე გამოჩნდება დამატებითი რესურსი, ის ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების მიმართულებით გადანაწილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები