სოხუმში დღეს დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ინაუგურაცია გაიმართება – პარალელურად ოპოზიცია შეკრებას გეგმავს
ოკუპირებულ აფხაზეთში 12:00 საათზე არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ინაუგურაცია “მინისტრთა კაბინეტის დიდ დარბაზში გაიმართება”.
სტუმრებს შორის არის დელეგაციები რუსეთიდან, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, თვითგამოცხადებული ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებიდან, დნესტრისპირეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან და ნიკარაგუადან.
“აფხაზეთის რესპუბლიკის “პრეზიდენტის შესახებ” კანონის თანახმად, ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია” ე.წ. ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადებიდან 30-ე დღეს იმართება.
თუმცა, ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს. ალხას კვიწინიამ ე.წ. უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელში სასამართლო შედეგების არაკანონიერად ცნობაზე უარი თქვა.
ე.წ. ინაუგურაციის პარალელურად ალხას კვიწინიას პარტია “აქტივის გაფართოებულ შეხვედრას” გამართავს, რომელზეც არალეგიტიმურობის საკითხი იქნება განხილული.