რაზე ოცნებობენ 21-ე საუკუნეში სკოლის შენობის გარეშე დარჩენილი ხაბუმეს თემის მოსწავლეები (ფოტო, ვიდეო)

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლელებს მრავალწლიანი ნატვრა ორჯერ ჩაშლილი ტენდერის გამო, არც ახალ სასწავლო წელს აუხდათ. თემში არსებული საბაზო სკოლის 46 მოსწავლე ნაქირავებ კერძო სახლში განაგრძობს საგანმანათებლო პროცესს.
როგორც „რეგიონულ კვირას“ სკოლის დირექტორი, მირანდა წურწუმია უყვება, ძველი სკოლის შენობა, იმდენად ამორტიზებული იყო, რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. ისტორიულ სკოლას გასული წლის ზამთარში ჭერი ჩამოენგრა, რამაც სკოლის ადმინისტრაციას მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის ალტერნატიული ფართის მოძიება გადააწყვეტინა. მიუხედავად, ფართის სიმწირისა, მასწავლებლებმა კერძო სახლში 7 საკლასო ოთახი და  სამასწავლებლო მოაწყვეს.
„ხაბუმეს მესამე სკოლა არის ისტორიული მნიშვნელობის სკოლა, რომელიც 1916 წელს დაარსდა და  პირველი ქართულენოვანი სკოლა იყო ზუგდიდის მაზრაში. სკოლის შენობა იმდენად ავარიული იყო, მისი დემონტაჟი გახდა აუცილებელი. ფაქტობრივად,  დაინგრა და ნაშალი მასალა გადაიტანეს უბრალოდ. ადრე იყო ასეთი ფაქტი, რომ მოსწავლე მორყეულ ხის იატაკში ჩავრდა და ფეხი დაიზიანა “, – ამბობს სკოლის დირექტორი.

ძველი დანგრეული სკოლის დემონტაჟის შემდეგ, დღეს მის ადგილას, მოსწორებულ ადგილზე, კალათბურთის ორი ფარი და ღობეა შემორჩენილი.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, გოჩა ჩიქოვანის განცხადებით, მუნიციპალური განვითრების ფონდის მიერ გამოცხადებული სატენდერო კონკურსის შედეგად გამოვლენილი ორი კომპანია, მერიის მიერ გარკვეული ხარვეზების გამო, დისკვალიფიცირდა, ხოლო მესამედ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, გამოვლინდა.  ახალი სკოლა შპს კომპანია „ჯავამ“უნდა ააშენოს. ამისთვის კი  1 259 000 ლარია გამოყოფილი.
„გამოცხადდა ტენდერი, გამარჯვებული გამოვლენილია და ხელშეკრულებაც უკვე გაფორმებულია 14 თვის ვადით. პირველი ოთხი თვის განმავლობაში მოხდება საპროექტო-სახარჯო  დოკუმენტაციის მომზადება, ხოლო 10 თვის განმავლობაში უშუალოდ მშენებლობა განხორციელდება“, – ამბობს „რეგიონულ კვირასთან“ ჩხოროწყუს ვიცე-მერი.
შეხვდებიან თუ არა მომდევნო ახალ -სასწავლო წელს  მოსწავლეები საოცნებო სკოლაში, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა მანამდე ისინი განათლების მიღებას, ნაქირავებ სახლში განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები