ადვოკატი: მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული მისივე მეგობარია, როგორ გადასცემდა პოლიციელებს მეგობარს? ეს წარმოუდგენელია

0

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ერთერთ ბრალდებულს, გიორგი გეთაშვილს ბრალი დაუმძიმეს. ამის შესახებ გეთაშვილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„წუხელ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წაუყენეს ბრალი, რის საფუძველზეც მას დაუმძიმდა ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც აქამდე იყო. იგი იყო დაკავებული სსკ-ის 370-ე მუხლით, რაც ცრუ ჩვენებას ითვალისწინებს. თუმცა, დღევანდელი ფორმულირებით, ბრალდება გვედავება, რომ თითქოსდა, ჩვენ პოლიციელებთან წინასწარი შეთანხმებით, აწ გარდაცვლილი მოტყუებით ჩამოვიყვანეთ და შემდეგ პოლიციელებს გადავეცით, რაც აბსურდია. ისინი გვედავებიან, რომ ადამიანის გატაცებაში დავეხმარეთ პოლიციელებს. მინდა, აღვნიშნო, რამდენიმე გარემოება, რითაც ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. პირველი- ჩვენ პოლიციელებს არ ვიცნობდით. მეორეც – როდესაც პოლიციელია, შენ გაქვს ვარაუდი, რომ პოლიციელი წარმოადგენს კანონს, სახელმწიფოს და შესაბამისად გაქვს განცდა, რომ თუ რაიმე ფორმით პოლიციასთან თანამშრომლობ, შენ მხოლოდ კანონიერი ინტერესი გაქვს, ანუ, აქ არაკანონიერი ინტერესი არაა. ამიტომ, თუ მართლა გადავეცით პოლიციას, გადავეცით იმიტომ, რომ რეალურად მომხდარიყო დანაშაულის პრევენცია და არა ჩადენა. ესეც მეორე ნიუანსია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, როცა შინაარსობრივ განხილვაში შევალთ, დავადასტურებთ. ასევე, მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომ გარდაცვლილი იყო დაკავებულის მეგობარი. როგორ უნდა გადაეცა უცხო პოლიციელისთვის მეგობარი იმის გამო, რომ მათ გაეტაცებინათ. ეს წარმოუდგენელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოლიციელები, რომლებიც თითქოსდა, ჩვენი თანამზრახველები არიან, ამბობენ, რომ მათ აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენიათ. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ პოლიციელებთან შეხება არ გვაქვს. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ როცა პოლიციელებმა შეაჩერეს მანქანა, რომლითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და გარდაცვლილი გადაადგილდებოდა, განაიარაღეს და ხელბორკილი დაადეს, თავი წარუდგინეს პოლიციელებად. ანუ, ეს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეექმნებოდა განცდა, რომ პოლიციის შესახებ კანონებიდან გამომდინარე დააკავეს ის.

მიგვაჩნია, რომ ეს ბრალდება თავიდანვე განწირულია. დარწმუნებული ვარ, ეს ბრალდება მზის სინათლეს ვერ იხილავს“- აცხადებს ადვოკატი.

ალექსანდრე კობაიძე პროცესუალურ დარღევებზეც საუბრობს.
„ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვ მტკიცებულებების გადმოცემას, თუმცა აქამდე არ გადმომეცა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე 3 დღეა დაკავებულია, თუმცა დაკავების ოქმი სხვა თარიღითაა შედგენილი და ამაზე აპელირებას მოვახდენთ. ასევე აპელირებას მოვახდენთ იმაზე, რომ 8 საათის განმავლობაში არ მომეცა საშუალება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მენახა და კომუნიკაცია დამემყარებინა. მთელი რიგი პროცესუალური დარღვევებია და ამაზე ყურადღებას გავამახვილებთ“- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 35 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე 5 პირია დაკავებული.

„დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა., გარდა ამისა, ჯგუფურად
ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები – 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული დ.მ. ამავე ბრალდებით, ასევე, დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი – 1989 წელს დაბადებული დ.დ., ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.გ.
გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა – 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ.-ს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს. მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი – დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ.-ს და გ.ა.-ს. აღნიშნულმა პირებმა დ.მ. მტკვრის ნაპირზე ჩაიყვანეს და ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა.
მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია 5 პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში .

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი