„არცერთი გმირის, საქართველოსთვის ზვარაკად შეწირული ბიჭების ისტორია დავიწყებას არ უნდა მიეცეს“
2 ოქტომბერს, გაგრის დაცემის დღეს, უგზოუკვლოდ დაიკარგა აფხაზეთში მებრძოლი გოგიტა კიკნაძე.
ამ დღეს იხსენებს გოგიტას და, პირველი სამხედრო პოლიციელი ქალი აფრიკის საერთაშორისო მისიაში თამარ კიკნაძე, რომელიც ახლაც აფრიკაში მორიგ სამშვიდობო მისიაში იმყოფება.
„1992 წლის 2 ოქტომბერი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩემი ოჯახისთვის, როდესაც დაეცა ქალაქი გაგრა და საბრძოლო მოქმედებების დროს ყველაზე დიდი მსხვერპლი და ტრაგედია დატრიალდა. სადაც საბრძოლო მოქმედებების დროს სხვა მებრძოლებთან ერთად უგზოუკლოდ დაიკარგა ჩემი ერთადერთი ძმა – 17 წლის გოგიტა კიკნაძე, რომლის საფლავიც დღემდე უცნობია და დღემდე წითელი ჯვრის მიერ მიმდინარეობს მოძიების პროცესი.
აფხაზეთის ომმა უამრავი ლამაზი სიცოცხლე გაიყოლა თან და დაგვიტოვა ოჯახებს ღრმა მოუშუშებელი ტკივილები. რაც დრო გადის, მით უფრო მძიმე და ტკივილიანი ხდება ჩვენი პირტიტველა ბიჭების გმირული თავგანწირვა. მათ ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე ანაცვალებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. მინდა ყველა გმირი დედის წინაშე ქედი მოვიხარო, რომლებმაც საქართველოს ნამდვილი ვაჟკაცები გაუზარდეს. არცერთი გმირის, საქართველოსთვის ზვარაკად შეწირული ბიჭების ისტორია დავიწყებას არ უნდა მიეცეს. მათ შექმნეს საქართველოს ახალი ისტორია, სწორედ მათი გმირობის მაგალითზე უნდა გაიზარდონ ჩვენი მომავალი თაობები და მათ უნდა თავიდანვე იცოდნენ, ქვეყნის სიყვარული რამხელას ნიშნავს. უნდა ისწავლონ ერთმანეთის პატივისცემა და გვერდით დგომა, რაც, სამწუხაროდ, დღეს დეფიციტად ითვლება. არცერთი თანამდებობა, სკამი არ ღირს იმაზე მეტი, რასაც ქვეყნის, საქართველოს სიყვარული ჰქვია. ჩვენი ვალია, ღირსეულად ვატაროთ ჩვენი, ღვთისგან ბოძებული ქართველობა, ის ქართველობა, სადაც მშვიდობა, სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა და ღირსება იარსებებს“, – წერს თამარ კიკნაძე.
გოგიტა კიკნაძის ბოლო ზარი გაგრიდან გაისმა. დამშვიდებას სთხოვდა ბიჭი, დედი, ჩემზე ნუ იჯავრებ, უკვე პოლიციის ლეიტენანტი გავხდიო.
1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრასთან მოწინააღმდეგის საბრძოლო მანქანიდან გამოსროლილმა ჭურვმა ქართველი ბიჭების საბრძოლო მანქანა ცეცხლის ალში გაახვია… როცა სროლის ხმა მიწყდა, ალეკო დათებაშვილი, სერგო დავიდოვი და გოგიტა კიკნაძე ცოცხალმკვდრები ამოიყვანეს ჯავშანტრანსპორტიორიდან. ისინი სამედიცინო მანქანაში მოათავსეს, დაიძრნენ და… ის მანქანა, რომელიც სხვებთან ერთად გოგიტა კიკნაძე იმყოფებოდა, ცეცხლის ალში გაეხვია, ასე ჩაიფერფლა სამშობლოსათვის შეწირული გმირის სიცოცხლე…
გოგიტა კიკნაძე სიკვიდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
რა უნდოდა შენთან სიკვდილს
ვუძღვნი აფხაზეთის ბრძოლების გმირს. ვ. გორგასლის I ხარისხის ორდენოსანს, გოგიტა კიკნაძეს
ჩვიდმეტ ზაფხულს მოესწარი,
მამულისთვის დათმე კერა,
გაიხურე სახლის კარი,
დედის თვალის გაგყვა მზერა.
გული ცეცხლში მიგიწევდა,
ფრთა შეესხა სისხლის ყივილს,
დაგვიტოვე დიდი სევდა,
მოგონება იწვევს ტკივილს.
ვერ მოესწარ გაზაფხულის
ნაირფერად აყვავებას,
მშობლის გული, დაზაფრული,
გმირი შვილით ჰპოვებს შვებას.
აფხაზეთის ქართულ მიწას
ჩაეხუტე, დედისერთავ,
გაგრა სრულად ცეცხლში იწვა,
შენც დაიწვი მასთან ერთად.
მამულისთვის სიყვარული
ერს გმირობით დაუმტკიცე,
ბიჭი იყავ მხიარული
და სალ-კლდეზე უფრო მტკიცე.
ვერ იტანდი მხდალს და ლაჩარს,
მოევლინე მამულს მხსნელად,
გმირი ბრძოლის ველზე დარჩი,
მომხვდურს კი მზე დაუბნელე.
შენ გორგასალის ორდენით
მკერდი ვეღარ დაიმშვენე,
უკვდავების ტაძრის გვერდით
შენ საყდარი აიშენე.
რა უნდოდა შენთან სიკვდილს,
დამერწმუნე, ეს არ გვჯერა,
სახლში ჩქარა დაბრუნდები,
აინთება ისევ კერა.
დათო იაკობიძე, 8 აპრილი, 1996 წელი (გოგიტას დაბადების დღე).