გიგა ბოკერია: პარლამენტში მიმდინარე მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენებმა სრული კატასტროფა აჩვენა
პარლამენტში მიმდინარე მოსამართლეთა მოსმენები არის სწორი და კარგი პრაქტიკა, მაგრამ ამ მოსმენებმა კატასტროფა აჩვენა, – ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერიას თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა არის მათი ლუსტრაცია.
„სიტყვითაც კი, ტყუილის თქმა არ შეუძლიათ, თუ ეს საქმე ეხება მათი ხელმძღვანელების ან ხელისუფლების ღირსებას ბრჭყალებში. ფასეულობები მოისმინეთ ზოგიერთის? მოსამართლე სერიოზულად გვეკამათებოდა, რომ რუსული ოკუპაციის დაგმობა თურმე არის სამოსამართლეო ეთიკის დარღვევა. საბჭოთა კავშირი ვერ შეაფასა მეორემ და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა იყო დემოკრატიული სახელმწიფოო, თქვა. ეს მოსმენები მარტო ამ კანდიდატების ლუსტრაცია კი არ იყო, ეს იყო ლუსტრაცია მათი, ვინც მათ კითხვებს უსვამდა, ანუ თქვენი, ივანიშვილის გუნდის, მათი ვარსკვლავების. ხვალ, თქვენ რომ აღარ იქნებით, ეს ხალხი მზად არის, შემდეგ ხელისუფლებაზე ილაპარაკოს კარგად და თქვენ გლანძღოთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ბოკერიამ, პარლამენტის სხდომაზე მუხროვანის ამბოხების თემაზეც ისაუბრა.
„ყველაზე შემაშფოთებელი არის მუხროვანის თემა. ჩამოდგა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და წაგვიკითხა მოსამართლეს და ჩვენ მორალი, რომ თურმე ხალხი, რომელიც პოლიტიკური მოსაზრებებით, როგორც თვითონ ამბობს, ტანკი დაქოქა და არ დაემორჩილა მთავრობას, არიან გმირები. ეს არ ყოფილა თურმე ამბოხი. მინდა, გითხრათ, მეგობრებო, რომ დაქოქილი ტანკით პოლიტიკური პროტესტი არის ამბოხის დეფინიცია. მინდა, მაგალითი მოგიყვანოთ – იყო გავრილოვის ღამის პროტესტი. ჩემი აზრით, სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქეები რომ გამოთქვამდნენ პროტესტს აქ მომხდარი სამარცხვინო ამბის გამო, ზოგიერთი პოლიციასთან ჭიდაობაში შევიდა, რასაც მე არ ვემხრობი. ტანკი რომ დაექოქა რომელიღაც სამხედრო ნაწილს, კარგი იქნებოდა? ვერ ხვდებით თქვენ, რომ ტესტი ის კი არ არის, თქვენ წინააღმდეგ ვინ არის იმ მომენტში ან ჩვენ წინააღმდეგ, არამედ ის, თუ ქვეყნისთვის რა არის კარგი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.