ია თინიკაშვილი რაზმაძეების ოჯახზე: ვერ წაადგება “ლელოს” ეს ნაბიჯი
“რაზმაძეების ოჯახს 2008 წლის ომის შემდეგ გუგუთიანთკარში არ უცხოვრია. ახლა ეუბნებიან, კოტეჯს იმ შემთხვევაში მოგცემთ, თუ გუგუთიანთკარში დასახლდებითო”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ია თინიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, რაზმაძეების ოჯახს მას შემდეგ არ უცხოვრია გუგუთიანთკარში, რაც მათი სახლი დაზიანდა ომის დროს და ცხვირწინ ე.წ. საზღვარი გაუვლეს.
ჟურნალისტის თქმით, ეს ოჯახი ლტოლვილის სტატუსით 2009 წელს მიღებული კომპენსაციით შეძენილ სახლში გორში ცხოვრობს.
,,სრულიად გაუგებარი და უხერხული ვითარება შეიქმნა – რაზმაძეების ოჯახისთვის დაპირებული ხის კოტეჯის კონსტრუქცია მოძრაობა ,,ლელომ” გორის მერიასთან მიაყენა და მუნიციპალიტეტს გუგუთიანთკარში მიწის გამოყოფას სთხოვს. რაზმაძეები კი ამბობენ – თუ ეს კოტეჯი ჩვენ გვაჩუქეთ, გორში დაგვიდგით სახლთან და ადგილს თავად გამოვუძებნითო, რაზეც უარი მიიღეს – მთავარი პირობაა, რომ გუგუთიანთკარში იცხოვროთო. არადა, რაზმაძეების ოჯახს 2008 წლის ომის შემდეგ, ანუ მას შემდეგ არ უცხოვრია გუგუტიანთკარში, რაც მათი სახლი დაზიანდა ომის დროს და ცხვირწინ ე.წ. საზღვარი გაუვლეს. იმის შემდეგ, ლტოლვილის სტატუსით გორში ცხოვრობს ეს ოჯახი 2009 წელს მიღებული კომპენსაციით შეძენილ სახლში და ახლა ეუბნებიან, ამ კოტეჯს იმ შემთხვევაში მოგცემთ, თუ ისევ იქ დასახლდებითო, თუ არა და იქ მაცხოვრებელ სხვა მეპატრონეს გამოვუძებნითო… რაღას ანანიებთ, კაცო, თუ აჩუქეთ, მიეცით. არ წაადგება “ლელოს” ეს ნაბიჯი“, – წერს ია თინიკაშვილი სოციალურ ქსელში.