ნუკრი ქანთარია: 2012 წლის პირველ ოქტომბერს ეპოქალური ცვლილება მოხდა, მართალია, ბაცილები დარჩა მაგრამ რეჟიმი ძირითადად გასტუმრებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ეპოქალური ცვლილება მოხდა. მისი შეფასებით, დღემდე რჩება ბაცილები, თუმცა რეჟიმი ძირითადად გასტუმრებულია.
მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ეს დღე, როგორც საქართველოს მოქალაქეების ენერგიის გაერთიანების დღე, ყოველთვის დარჩება ჩვენს ისტორიაში.
„ამ დღეს, პირველ ოქტომბერს, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევით, ეპოქალური ცვლილება მოხდა – შეიცვალა მშვიდობიანად რეჟიმი. მართალია, ბაცილები დარჩა და ამ ბაცილებს ვხედავთ დღესაც, მაგრამ რეჟიმი ძირითადად გასტუმრებულია და მოქალაქე, პიროვნება განთავისუფლდა. მას შეუძლია დღეს, ყოველგვარი კრიტიკული აზრის შემდეგ, მშვიდობიანად წავიდეს სახლში.

ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი, ბევრი რამეც, დიდი იმედი მაქვს, რომ გაკეთდება მომავალში. ბუნებრივია, რომ მოვა ახალი ხალხი, თაობა მიდის, თაობა მოდის, ძირითადად სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული. მაგრამ ეს დღე, როგორც საქართველოს მოქალაქეების ენერგიის გაერთიანების დღე, ვფიქრობ, ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში.
მინდა მივულოცო ყველა იმ გულანთებულ მოქალაქეს, რომელიც, როგორც ერთი ადამიანი, იდგა, არ შეუშინდა არავითარ ხიფათს მაშინ და მშვიდობიანად მოახერხა იმ რეჟიმის გასტუმრება, რომლის მეთაურსაც ხშირად ვხედავთ უკვე, რა ტალღაზეა, რა დღეშია და რა იქნებოდა მართლაც მის ხელში ქვეყანა და რანაირად განვითარდებოდა.
მე მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას დღევანდელი დღე, მივულოცო მათაც, ვისაც უკვე გარკვეული გულისტკენაც შეიძლება აქვს, მოლოდინებიც მეტი ჰქონდა, მაგრამ დარწმუნებით მინდა ვუთხრა, მაშინ მთავარი აღსრულდა, აღსრულდა მთავარი და აი სწორედ ამ დღეს, პირველ ოქტომბერს ვულოცავ ყველა საქართველოს მოქალაქეს და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ბოლომდე შევძლებთ ჩვენ პირნათელი ვიყოთ სწორედ აი ამ მოქალაქეების, ჩვენი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები