„აფხაზეთო, მე უშენოდ, მზეც ობოლი მგონია“ – ია მაისაიას სიმღერების ალბომის წარდგენა გაიმართება

4 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის დარბაზში, სოხუმელი კომპოზიტორისა და მომღერლის, ია მაისაიას ალბომის წარდგენა გაიმართება.
„აფხაზეთო, მე უშენოდ, მზეც ობოლი მგონია“ – კომპაქტ-დისკი აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა გამოსცა.
როგორც „კვირას“ აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრიდან აცნობეს, ია მაისაია 100-მდე სიმღერისა და 50 საფორტეპიანო პიესის ავტორია და თავადაც გახლავთ სიმღერების უბადლო შემსრულებელი.
კომპაქტ-დისკში შესულ სიმღერებს ქართული ესტრადის ახალგაზრდა ვარსკვლავები ასრულებენ: სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, სოფო გელოვანი, თინათინ ჭულუხაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ბოკა კვეკვესკირი, დათო ჭელიძე, ჯაბა მესტვირიშვილი, ანსამბლები: „მუხამბაზი“, „მეცო“და „ძმები“. სიმღერები მარიკა ქაცარავასა და „სანოს“ ხმისჩამწერ სტუდიებში ჩაიწერა.
მრავალფეროვნებით გამორჩეული დევნილი კომპოზიტორის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი აფხაზეთისადმი მიძღვნილ ნაწარმოებებს უკავია: „აფხაზეთო საქართველოს მშვენება“, „სიმღერა სოხუმზე“, „დაბრუნებამდე“ საუკეთესოა კომპოზიტორის შემოქმედებაში.
იმღერების ალბომში შეტანილია, აფხაზეთის ომში დაუნდობლად მოკლული, ცნობილი ქართველი პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსზე შექმნილი სიმღერები: „მინდვრის ყვავილები“, „გახსოვდეს ქალი, მაინც ქალია“; ასევე სოხუმელი ავტორის ვასილ კადენეცის რუსულენოვანი სიმღერა „სოხუმო“ და მეგრული ტკბილხმოვანი სიმღერები: „ვარადა“ და „სკან გოლუა“.
კომპაქტ-დისკში შევიდა კომპოზიტორის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი სიმღერები: „სიცოცხლე ერთი წამია“, „შემოვევლე კახელებს“, „სიყვარულის აგვისტო“, „ღვინოში არის ჭეშმარიტება“ და სხვა.
სიმღერებში გამოყენებულია გიორგი შარვაშიძის, შოთა ნიშნიანიძის, სოსო კალანდაძის, თემურ ჩალაბაშვილის, თამარ შაიშმელაშვილის, მზია ხეთაგურის, მაია კახიძის, მაკა კვერენჩხილაძის, მანონ ბულისკერიას, ნუნუკა გურალიას, არჩილ მაღლაფერიძის, მადონა კალანდიას, ვენერა რურუას, მიმოზა ცანავას, მარიამ კოზმანიშვილის ლექსები.კულტურის დარგში ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ია მაისაია დაჯილდოებულია: ღირსების ორდენით; გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიით; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით; ხობის საერთაშორისო ფესტივალში „სიმღერა სამეგრელოზე“ მონაწილეობისთვის ქების სიგელით; კავკასიის ბიზნეს სკოლის მიერ „საქმიან ქალთა ლიდერობის” პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის დაჯილდოებულია სერტიფიკატით.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი № 19.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები