“ტელეფონიდან სურათები და მესიჯები წაუშლია, გაუხდია ქურთუკი და გადმომხტარა” – დედა-შვილის ტრაგიკული ისტორიის ახალი დეტალები

წყალტუბოში ახალგაზრდა ბიჭის თვითმკვლელობის შემდეგ, დედამ – ხათუნა სადილიანმა დღეს საღამოს, ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე თავი მოიკლა. როგორც ადგილობრივები „რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებენ, 18 წლის აპოლონ ფანცხავას დედა თურქეთში იყო სამუშაოდ წასული და მხოლოდ ჩამოსვლის შემდეგ გაიგო შვილის გარდაცვალების ამბავი. მეზობლების თქმით, ხათუნა სადილიანმა, აფთიაქში წამლები იყიდა, დალია და ამის შემდეგ ავიდა კორპუსის სახურავზე, საიდანაც გადმოვარდა.

„გარდაცვლილი ბიჭის დედა ერთი თვის წასული იყო სამუშაოდ თურქეთში. დაურეკავთ, რომ მისი შვილი ცუდად იყო და დღეს ჩამოვიდა, ტაქსით თავისი ძმის სადარბაზოსთან რომ მოსულა, მეზობელს მიუსამძიმრებია და აფექტის მდგომარეობაში ქალი გაქცეულა. შემდეგ, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა აფთიაქში შესვლისას, წამლები უყიდია, სავარაუდოდ, რაღაც წამლები დალეულიც აქვს, ამის შემდეგ, კვალი გაქრა და მთელი დღე ეძებდნენ. დაღამებისას კი თავისი ძმის სადარბაზოს გვერდით, სახურავიდან გადმოხტა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეზობლებისვე ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალის მეუღლე მოსკოვში იმყოფება, ბიჭი კი ქუთაისში მარტო ცხოვრობდა. მათივე თქმით, ხათუნა სადილიანის ძმა აქცევდა ყურადღებას 18 წლის დიშვილს. მეზობლები იმასაც ყვებიან, რომ ბოლო დროს აპოლონ ფანცხავა უხასიათოდ იყო, არავისთან კონტაქტობდა.

“არავისთან ურთიერთობდა, ჩაკეტილი იყო, ახლობლის ქორწილშიც კი არ წავიდა”, – ამბობს მეორე მეზობელი და თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპს“ ასახელებს.

„უნიჭიერესი ბიჭი ყოფილა, მემგონი მედალზე დაამთავრა სკოლა. შემდეგ ჩაკეტილა სახლში, არც გამოცდებზე გასულა. აკითხავდნენ მასწავლებლები და კარებს არ უღებდა თურმე. წასულა მეორე ბინაში, ტელეფონში წაუშლია სურათები და ყველაფერი, მესიჯები, გაუხდია ქურთუკი და გადმომხტარა. დედ-მამა გაშორებულები ყოფილან, დედა მარტო ზრდიდა, ერთადერთი შვილი იყო“, – ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.

ამ დროისთის, ქალის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ხათუნა სადილიანის შვილი, აპოლონ ფანცხავა გუშინ წყალტუბოში ცხრასართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები