გიგი წერეთელი: ეუთოს ყველა კონფლიქტში ვხედავთ, რომ შეუსრულებელი ხელშეკრულებები და პოლიტიკური ნების არარსებობა ადამიანურ ტანჯვას ამძაფრებს

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ქალაქ ნურ-სულთანში გამართულ პარლამენტის სპიკერების შეხვედრაში, რომელსაც 65 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ლიდერები ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლისას, გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება არის წინაპირობა გულწრფელი დიალოგის, ნდობისა და უფრო ძლიერი პარტნიორობის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მისაღწევად.

„ძალიან ხშირად ეუთოს პრინციპები და ვალდებულებები, რომლებიც „ცივი ომის” დროს გვაერთიანებდა დაირღვა: ფუნდამენტურმა უთანხმოებამ, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რაც უდავოა ფაქტების გათვალისწინებით, შეუძლებელი გახადა თანამშრომლობა”- განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიამ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, საფრთხე შეუქმნა მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას.

„ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ახალ ბარიერებს. რუსეთის სამხედრო აგრესიამ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, საფრთხე შეუქმნა მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. ეუთოს ყველა კონფლიქტში, ჩვენ ვხედავთ, რომ შეუსრულებელი ხელშეკრულებები და პოლიტიკური ნების არარსებობა მხოლოდ ამძაფრებს ადამიანურ ტანჯვას. ჩვენ უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ეფექტური საერთაშორისო ქმედებებისათვის – ეს არის ეუთოს მოწოდება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელი ყაზახეთის პარლამენტის თავმჯდომარე ნურლან ნიგმატულინს და სენატის სპიკერს დარიგა ნაზარბაიევას შეხვდა, ასევე საუბარი შედგა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან. შეხვედრების ძირითადი თემა იყო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, ყაზახეთის ჩართულობა ეუთოსა და მის ინსტიტუტების საქმიანობაში, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ეუთოს რეკომენდაციების შესასრულებლად ერთობლივი მუშაობის პერსპექტივები.

ნურ-სულთანში ვიზიტისას გიგი წერეთელმა მოლდოვის, თურქეთის, ჩრდილო მაკედონიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის პარლამენტების თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები